საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვის დაწყებას ბიუროს სხდომაზე კამათი მოჰყვა

საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვის დაწყებას ბიუროს სხდომაზე კამათი მოჰყვა

მთავრობის ინიციატივით საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვის დაწყება პარლამენტში დისკუსიის თემად იქცა.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა - ვახტანგ ხმალაძემ, ლევან ბერძენიშვილმა, ირაკლი სესიაშვილმა და გიორგი ბარამიძემ პროექტისათვის მსვლელობის მიცემის და განხილვის დაწყების წინააღმდეგ მისცეს ხმა, თუმცა ბიუროს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პარლამენტში განხილვის პროცესი მაინც დაიწყება.

საქმე "საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილ იმ ცვლილებებს ეხება, რომლის ერთ-ერთი მთავარი სიახლე მოგების გადასახადით დაბეგვრის რეჟიმის ახლებულად განსაზღვრაა.

როგორც ამასთან დაკავშირებით ბიუროს სხდომაზე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენელმა განმარტა, "საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებზე არსებით გავლენას ახდენს, თუმცა მისი ფინანსური გავლენის რაოდენობრივი შეფასება პროექტის განმარტებით ბარათში წარმოდგენილი არ არის.

საბიუჯეტო ოფისის შენიშვნაზე მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის საპასუხო განმარტება იყო ის, რომ პროექტი 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება და ის მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებებს არ იწვევს, ხოლო მომავალი წელი, თადუმაძის განცხადებით, იმ საგადასახადო რეჟიმით დაიგეგმება, რაც პარლამენტში წარდგენილი პროექტის შესაბამისად დადგინდება. როგორც თადუმაძემ განაცხადა, "ჯერ არავინ იცის, რამდენი იქნება 2017 წლის შემოსავლები და ხარჯები და ამის გათვლა რთულია, პროგნოზირება შესაძლებლია, მაგრამ "ნორმატიული აქტების შესახებ კანონი" არ ამბობს, რომ აქ პროგნოზი უნდა დაიწეროს".

მთავრობის წარმომადგენლის არგუმენტები არ გაიზიარეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

"ის, რომ ცვლილებები მომავალ წელს შედის ძალაში, არგუმენტი არ არის იმისა, რომ შესაბამისი ფინანსური გაანგარიშება არ იყოს. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ კანონპროექტზე და უნდა ვიცოდეთ, რა გავლენას მოახდენს ზოგადად ბიუჯეტზე. ერთი საკითხია, თუ როგორი იქნება მომავალი წლის ბიუჯეტი და მეორეა, ვიცოდეთ, რაღაც ცვლილებების შემოღება იწვევს საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას და რამდენით, ან იწვევს საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას და რამდენით. იმის მიუხედავად, ეს ეხება წლევანდელ, მომავალი წლის თუ იმის მომავალი წლის ბიუჯეტს", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. "ჩემი აზრით, სამთავრობო და საპარლამენტო თავმოყვარეობის ნაწილია, რომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის "საგადასახდო კოდექსი", მოგების გადასახადთან დაკავშირებული ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც არის კანონპროექტის მთავარი საკითხი, ვიცოდეთ, რა საბიუჯეტო ცვლილება მოხდება, რა თანხები რჩება კერძო სექტორში, რა შედეგი იქნება კერძოდ სექტორისათვის, რა შედეგი - საჯარო სექტირისთვის, რა რეფორმაზე მივდივართ. როგორ უნდა გავიაზროთ კანონპროექტის არსი, დანიშნულება თუ ამ ტიპის გათვლა შეუძლებელია ან შესაძლებელია და პროექტს არ ახლავს?! მე ეს ასე მგონია, თუმცა ისიც მესმის, რომ განხილვის პროცესში ეს ყველაფერის შეიძლება უფრო უკეთ იყოს განმარტებული, მაგრამ შეგახსენებთ, რომ პარლამენტში შემოსული კანონპროექტები საზოგადოებაში ამ სახით გადის – ის მარტო ჩვენ არ უნდა ვიკითხოთ. რასაც ჩვენ ვიხილავთ აინტერესებს ყველას, ამიტომ ცუდი არ იქნება კანონპროექტები, რაც შეიძლება სრულყოფილი იყოს", - განაცხადა უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

აღნიშნული დისკუსიის შემდეგ, ბიუროს სხდომაზე კენჭისყრა ჩატარდა და პროექტი ბიუროს წევრთა უმრავლსობის გადაწყვეტილებით, კომიტეტებს განსახილველად გადაეცა.