მე ის ვიცი, რომ დღეს "რესპუბლიკელებთან" ჩვეულებრივ კოალიციურ რეჟიმში ვმუშაობთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ "რესპუბლიკური პარტიის" მიერ კოალიციის შესაძლო დატოვების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, სამომავლოდ საარჩევნოდ თუ რა ფორმატში გააგრძელებს საქმიანობას "რესპუბლიკური პარტია", აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მათი უფლებაა.
"შემიძლია ვთქვა ის, რაც დავით უსუფაშვილმა თქვა, "რესპუბლიკური პარტია" რჩება კოალიციაში, კოალიციურ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას და არც ერთი თანამდებობის პირი არ მიდის. შესაბამისად, აქ საუბარი რაიმე კოალიციურ ცვლილებებზე, კოალიციაში შემავალ პარტიებში ცვლილებებზე არ არის. თავად თქვა მან, რომ გაავრცელებენ განცხადებას, საარჩევნოდ თუ რა ფორმატში გააგრძელებს "რესპუბლიკური პარტია" მონაწილეობას. ეს არის სწორედ მათი უფლება, რომ თავად ისაუბრონ მათი პარტიის სამომავლო გეგმებზე. მე ის ვიცი, რომ დღეს ჩვეულებრივ კოალიციურ რეჟიმში ვმუშაობთ", - განაცხადა მანანა კობახიძემ.