ნინო ბურჯანაძე - ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ყალბ მოლოდინებს ქმნიან

ნინო ბურჯანაძე - ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ყალბ მოლოდინებს ქმნიან

"ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მოსახლეობას არ ეუბნებიან ბოლომდე სიმართლეს და ქმნიან ყალბ მოლოდინებს", - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ისევ გააქტიურდა თემა ევროპაში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.

"მე მინდა ისევ ხაზგასმით აღვნიშნო ის გარემოება, რომ ჩვენს მოსახლეობას არ ეუბნებიან ბოლომდე სიმართლეს. ხელისუფლება ქმნის ყალბ მოლოდინებს. უკვე გაჩნდა ახალი მოსაზრებები, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი მიებმება არჩევნების ჩატარების საკითხს. ეს უკვე ძალიან სერიოზული ნიშანია იმისა, რასაც მე ვამბობდი, რომ სამწუხაროდ, დიდი ალბათობით, ვიზალიბერალიზაცია პრობლემური იქნება ჩვენი ქვეყნისათვის", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, გარდა ზემოაღნიშნული განცხადებისა, მოსახლეობას ნათლად უნდა აუხსნან ყველაფერი, რაც ევროპაში შესაძლო უვიზო მიმოსვლასთან არის დაკავშირებული. 

"პირველ რიგში ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ აქ არ არის საუბარი საქართველოს მოსახლეობისათვის ევროპაში მუშაობის საშუალების მიცემაზე. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ელოდება სწორედ იმას, რომ თავისუფალი უვიზო მიმოსვლა მათ მისცემს ევროპაში წასვლის და იქ მუშაობის შესაძლებლობას. ეს არის ტყუილი. ადამიანები იქ სამუშაოდ ვერ წავლენ, ეს არ არის სამუშაო ვიზა და ეს ჩვენმა ხელისუფლებამ ხალხს უნდა უთხრას", - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.

მისი თქმით, პრაქტიკულად უმჯობესი შეიძლება იყოს, რომ ვიზა ჰქონდეს ადამიანს პასპორტში, ვინაიდან იმდენად დიდია იმ დოკუმენტებისა და სავალდებულო საბუთების ნუსხა, რაც ადამიანს უნდა ჰქონდეს ევროპაში უვიზო მიმოსვლის წასვლის შემთხვევაში, რომ ძალიან დიდი იქნება რაოდენობა ადამიანებისა, რომლების შეიძლება შუა გზიდან უკან მოაბრუნონ და ისედაც გაჭირვებული მოსახლეობა ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. 

"უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა ნიუანსი ნათლად უნდა განემარტოს მოსახლეობას და ადამიანების ილუზიებით კვებას თავი უნდა დავანებოთ, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც მოსახლეობისათვის ამ ტიპის საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია. მესმის საარჩევნო წელია, მესმის, რომ საარჩევნო წელს ხელისუფლებამ ბევრი დაპირებები უნდა გასცეს, მაგრამ ისედაც საკმარისზე მეტია ტყუილი დაპირებები გაცემული და კიდევ ერთი დამატებითი დაპირების გაცემა ნამდვილად აღარ უნდა უღირდეთ ხელისუფლებას", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.