ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას შეფასებით, თუ „რესპუბლიკური პარტია“ კოალიციას დატოვებს, ეს მათი მხრიდან გონივრული ნაბიჯი იქნება.
ანალიტიკოსის განცხადებით, აღნიშნული პარტია ინსტიტუციურად განვითარებული და ძალიან საინტერესო პარტიაა, აქედან გამომდინარე, თუ ისინი პარლამენტში დამოუკიდებლად შევლენ, მათ ძალიან ბევრი კარგი როლის თამაში შეეძლებათ.
"იმის გათვალისწინებით, რომ „რესპუბლიკური პარტია“ ინსტიტუციურადაც განვითარდა და ხელისუფლებაშიც მათი წარმომადგენლობა საკმაოდ დიდია, ასევე, საზოგადოებაში მათი ზეგავლენები არსებობს, ვფიქრობ, შესაძლოა, პარლამენტში მოხვედრის გარკვეული შანსი ჰქონდეთ. მათ ადგილას, ვიბრძოლებდი. მუდმივ კოალიციურ რეჟიმში, ვიღაცასთან თავისდაქნევის რეჟიმში ყოფნა მათთვისაც არ უნდა იყოს სასურველი, ამიტომ, მათ უნდა იბრძოლონ და რაღაც მომენტში გარისკონ", - განაცხადა გამზარდიამ "პირველ პრესკლუბში".
"რესპუბლიკური პარტიის" კოალიციიდან გასვლის შემთხვევაში, ანალიტიკოსი მათ „თავისუფალ დემოკრატებთან“ და „საქართველოს განვითარების ფონდთან“ ალიანსის შექმნას არ გამორიცხავს.
მისივე პროგნოზით, პარტიის მიერ კოალიციის დატოვების შემთხვევაში, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები დაკავებულ მაღალ თანამდებობებს თუ შეინარჩუნებენ, ნორმალური იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამით პარტია "ქართულმა ოცნება“ მოიგებს.