უახლოეს მომავალში ევროპარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის კომიტეტი შეიქმნება, - ამის შესახებ "პაატა ბურჭულაძის - საქართველოს განვითარების ფონდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი რუხაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუხაძის თქმით, მან აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტისგან შეიტყო და კომიტეტში სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენელები გაერთიანდებიან.
მისივე ინფორმაციით, კომიტეტი იმუშავებს, რომ საქართველოს საკითხი აქტიურად მოხვდეს ევროპარლამენტისა და ევროსტრუქტურების დღის წესრიგში.
"პაატა ბურჭულაძის - საქართველოს განვითარების ფონდი" უკვე აქტიურადაა ჩართული საქართველოს ინტერესების ლობირებაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა თუ ევროკავშირში. "საქართველოს განვითარების ფონდს", მიაჩნია, რომ სრულიად შესაძლებელია საქართველომ მიიღოს უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში ზაფხულში, თუ ხელისუფლება იქნება აქტიური, აიღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, საარჩევნო სისტემისა და კოდექსის რეფორმირებით ეჭვს გაფანტავს დასავლელ პარტნიორებს, პროცესში ჩართავს სხვა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ერთობლივი ძალებით შეეცდება დააყენოს უვიზო მიმოსვლის საკითხი ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს დღის წესრიგში და მიიღოს მრავალპარტიული მხარდაჭერა", - განაცხადა გიორგი რუხაძემ.
მისივე თქმით, კომიტეტის საქმიანობაში ჩართული იქნებიან სხვადასხვა ფრაქციების გავლენიანი წარმომადგენლები, მათ შორის, "ევროპის სახალხო პარტიის", "კონსერვატიული" და "სოციალისტური ფრაქციის" წარმომადგენლები.