ლევან ბერძენიშვილი:  არ მგონია, რომ თამაზ მეჭიაურს ის უნდა ეთქვა, რაც წამოცდა

ლევან ბერძენიშვილი: არ მგონია, რომ თამაზ მეჭიაურს ის უნდა ეთქვა, რაც წამოცდა

თამაზ მეჭიაურის მოსაზრება ნამდვილად არ გამოხატავს არც ჩემს და არც ჩემს მახლობლად მყოფი ადამიანების აზრს, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. მეჭიაურის თქმით, უმაღლესი თანამდებობის პირები, ვისზეც მაკრომპრომეტირებელი მასალა არსებობს უნდა გადადგნენ.

"მეჭიაურის ეს მოსაზრება ნამდვილად არ გამოხატავს არც ჩემს და არც ჩემს მახლობლად მყოფი ადამიანების აზრს. მე, საერთოდ ვერ გავიგე რა ბრძანა ბატონმა მეჭიაურმა. მგონი აქ არის კომუნიკაციის პრობლემა მისი მხრიდან, არ მგონია, რომ ის უნდა ეთქვა, რაც წამოცდა. თუ ასე ფიქრობს და მეჭიაური არის გულშემატკივარი ტერორიზმისა და თვითონ აქვს, შესაძლოა, რაიმე კადრები, ვერ გეტყვით, მაგრამ მე მგონია კომუნიკაციის პრობლემაა, რაღაც ისე ვერ თქვა ბატონმა თამაზმა", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, თამაზ მეჭიაურის ეს სიტყვები ან სწორად არ იყო გამოთქმული ან სწორად არ იქნა გაგებული, თუმცა, ბერძენიშვილის თქმით, ამას თვითონ მეჭიაური განმარტავს.

"ყოველ შემთხვევაში, ჩვენ კოალიცია "ქართული ოცნება" და მე როგორც "რესპუბლიკელი" საშინლად და სასტიკად ვემიჯნებით ტერორიზმის ამ გამოვლინებას, რომელსაც შეუძლია ადამიანი სიკვდილამდე მიიყვანოს. მე არ მინდა, რომ ოდესმე რომელიმე ასეთმა საქციელმა ვინმეს გადადგომა გამოიწვიოს, ვინაიდან ეს ნიშნავს, რომ ეს ქმედითი ღონისძიება ყოფილა და მაშინ უნდა წავახალისოთ ასეთი რამ. მე ვფიქრობ, რომ ბატონი თამაზის სიტყვები ან სწორად არ იყო გამოთქმული, ან სწორად არ იყო გაგებული. ამას თვითონ განმარტავს, ადვოკატად ვერ დავუდგები, მაგრამ პროკურორობის სურვილიც არ მაქვს", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.