"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, ვიქტორ დოლიძე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებას, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები, რომლებზეც მაკომპრომეტირებელი მასალა არსებობს, უნდა გადადგნენ, ცინიკურს უწოდებს. ვიქტორ დოლიძე იმედოვნებს, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის პოზიცია.
რაც შეეხება გამოძიებას პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ვიდეომასალებთან დაკავშირებით, ვიქტორ დოლიძე მისი მიმდინარეობით კმაყოფილი არ არის. რაც შეეხება პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას, დეპუტატი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის გამკაცრება ერთგვარი პრევენციული ნაბიჯი შეიძლება იყოს.
"პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ალბათ საჭიროცაა ამის გაკეთება. რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას, როგორ შეიძლება კმაყოფილი ვიყო, როცა ამდენი დრო გავიდა და კიდევ იმდენს ბედავენ, აქეთ ემუქრებიან სხვებსაც და გამოძიება ბოლომდე მისული ჯერჯერობით არ არის. კმაყოფილებისთვის სამწუხაროდ საფუძველი არ გამაჩნია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ რაღაც მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგმება, მათ შორის უცხოელი პარტნიორების დახმარებით", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
რაც შეეხება თამაზ მეჭიაურის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თანამდებობის პირები, ვიზეც მაკომპრომენტირებელი მასალა არსებობს, უნდა გადადგნენ. ვიქტორ დოლიძე იმედოვნებს, რომ ეს არის მხოლოდ მეჭიაურის მოსაზრება.
"სამწუხაროდ, მან გამოსავალი ამაში მოძებნა. ალბათ უფრო ცინიკურს დავარქმევდი ამ განცხადებას. არავითარი კავშირი მას სერიოზული ნაბიჯების გადადგმასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან არ აქვს ბუნებრივია", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.