მთავრობა და პირადად თავდაცვის მინისტრი დიდ სამუშაოს ასრულებენ ნატო-ს წევრობის ხელშეწყობისთვის

მთავრობა და პირადად თავდაცვის მინისტრი დიდ სამუშაოს ასრულებენ ნატო-ს წევრობის ხელშეწყობისთვის

საქართველოს მთავრობა, თავდაცვის სამინისტრო და პირადად მინისტრი ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებენ საქართველოს ნატო-ს წევრობასა და მისი კურსის ხელშეწყობისთვის, ამიტომ კონგრესის მხარდაჭერა ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია", - ამის შესახებ ანალიტიკური საბჭოს მთავარმა სპეციალისტმა არიელ კოენმა განაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ამერიკელი ექსპერტი აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის რეგისტრაციის საკითხს გამოეხმაურა.

"როდესაც აშშ და მისი მთავარი საკანონმდებლო ორგანო აყენებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ეს ნიშნავს, რომ ის სირიასთან, უკრაინასთან და სანქციებთან ერთად რუსეთთან ურთიერთობაში დღის წესრიგის ნაწილია. ევროპელები დღეს უძლურები არიან. მათ ბევრი შიდა პრობლემა აქვთ, აშშ კი მთავარი დასავლური ძალაა, რომელიც წარმართავს ევროატლანტიკური საზოგადოების საგარეო პოლიტიკას. რეზოლუციაში საუბარია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაზეც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-ს მოახლოებული სამიტის წინ. საქართველოს მთავრობა, თავდაცვის სამინისტრო და პირადად მინისტრი ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებენ საქართველოს ნატო-ს წევრობასა და მისი კურსის ხელშეწყობისთვის. ამიტომ კონგრესის მხარდაჭერა ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა არიელ კოენმა.