გიორგი მარგველაშვილი ჯარისკაცებს:  თქვენი მუშაობით ჩვენს ოჯახებს სძინავთ მშვიდად

გიორგი მარგველაშვილი ჯარისკაცებს: თქვენი მუშაობით ჩვენს ოჯახებს სძინავთ მშვიდად

ეროვნულმა გმირმა გიორგი ანწუხელიძემ თავისი სიმამაცით სიკვდილი დაამარცხა და ის მუდმივად იცოცხლებს ჩვენს გულებში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების სკოლაში განაცხადა, სადაც სერჟანტთა მომზადების ცენტრის იუბილე და სერჟანტთა სამეთაურო საშტაბო დისტანციური კურსის დასრულების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა ჯარისკაცებს მათ მიერ გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და დღევანდელი დღე მიულოცა.

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ჯარისკაცების დაუღალავი შრომის შედეგად საქართველო კიდევ უფრო გაძლიერდება, გამთლიანდება და ყველაფერი ეს მშვიდობიანი გზით მოხდება.

"გილოცავთ დღევანდელ დღეს. ჩვენ ვართ სერჟანტთა სკოლაში - სკოლაში იმ ადამიანებისა, რომლებზეც გადადის მთავარი ტვირთი ბრძოლისა, იმ სირთულეებისა, რომლებიც ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე შეეხება. თქვენ გამგრძელებელი ხართ იმ ტრადიციებისა, რომლითაც მრავალსაუკუნოვანი ისტორიით მოვიდა ჩვენი ქვეყანა. ძალიან მცირე ერმა სწორედ თქვენი წინაპრებით და თქვენნაირი ადამიანებით შევძელით შეგვენარჩუნებინა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა. დღეს ეს ტვირთი - იყო ურთულეს ვითარებაში და ურთულეს გარემოებებში, მაგრამ მაინც შეუნარჩუნო შენს სამშობლოს მომავალი და გააძლიერო ის, გადმოსულია თქვენზე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, სწორედ ამ ადამიანების მუშაობით ჩვენს ოჯახებს მშვიდად სძინავთ.

"თქვენი ძალისხმევით ჩვენ ვახერხებთ, რომ ურთულეს ვითარებაში დავრჩეთ თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყნად. ნიშანდობლივია, რომ თქვენი სასწავლებლის სახელი უკავშირდება გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელს, იმ ადამიანისა, რომელმაც დაამარცხა სიკვდილი თავისი სიმამაცით. ის მუდმივად იცოცხლებს ჩვენს გულებში", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ჯარისკაცის მთელი მოღვაწეობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ომის გარეშე, მშვიდობით შეინარჩუნოს და გადაარჩინოს თავისი ქვეყანა.