სოდ-ისა და კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას ადვოკატის, ოთარ კახიძის ინფორმაციით, სასამართლომ ერეკლე კოდუა მითვისების ეპიზოდებში გაამართლა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კახიძემ განუცხადა, პროკურატურის განცხადება, რომ სასამართლომ კოდუა გაამტყუნა, დეზინფორმაციულია.
"მანქანების მითვისების ყველა ეპიზოდში სასამართლომ ერეკლე კოდუა გაამართლა და პროკურატურის ეს განცხადება დეზინფორმაციულია. რაც შეეხება უფლებამოსილების გადამეტების ნაწილს, სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი იქნება ორ კვირაში და გვეცოდინება, რა იგულისხმა სასამართლომ უფლებამოსილების გადამეტებაში. მანამდე ყველა სახის განცხადება არის სპეკულაცია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ერეკლე კოდუას ადვოკატმა, ოთარ კახიძემ.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით თბილისის საქალაქო სასამართლომ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატების ორ ეპიზოდში დამნაშავედ ცნო.
ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის პროკურატურამ ერეკლე კოდუას ბრალი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით წარუდგინა.
მათივე განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდისთვის. სასჯელის შთანთქმის პრინციპისა და 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, ე. კოდუას დანიშნული სასჯელი 2 წელი და 8 თვე შეუმცირდა და საბოლოოდ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.