სააპელაციო სასამართლომ ირაკლი კვარაცხელია სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულად ცნო

სააპელაციო სასამართლომ ირაკლი კვარაცხელია სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულად ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის კრწანისის განყოფილების ყოფილი უფროსი ირაკლი კვარაცხელია სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულად ცნო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "კონსტიტუციის 42-ე" მუხლიდან აცნობეს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, ბათილად ცნო ირაკლი კვარაცხელიას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, აღადგინა იგი თანამდებობაზე, თბილისის მერიას დააკისრა განაცდური ხელფასის სრულად ანაზღაურება და ირაკლი კვარაცხელიას მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობისა და შევიწროების გამო, მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის თბილისის მერიას 500 ლარის ოდენობით თანხის გადახდა დაავალა. 

მათივე ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელია 2014 წლის ოქტომბერში თბილისის მერის ბრძანებით დაკავებული თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან უარი განაცხადა საკუთარი ნებით სამსახურიდან წასვლაზე. გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ირაკლი კვარაცხელიას მიერ ფარული აუდიო ჩანაწერის მასმედიის საშუალებით გასაჯაროება, სადაც ზედამხედველობის სამსახურის მაშინდელი უფროსი, გეგი ნიჟარაძე და მისი მოადგილე, დავით მედულაშვილი, მოსარჩელეზე სამსახურიდან წასვლის იძულების მიზნით, ზეწოლას ახორციელებდნენ. სატელევიზიო ინტერვიუს დროს, ირაკლი კვარაცხელიამ მერიის ის თანამდებობის პირებიც დაასახელა, რომლებიც ამ სისტემაში ძველი კადრების პოლიტიკური ნიშნით წმენდასა და მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლაში იყვნენ შემჩნეულნი.

თბილისის მერიამ ირაკლი კვარაცხელიას ასეთი განცხადება დაწესებულების დისკრედიტაციად შეაფასა და სწორედ ამ ფორმალური მიზეზით დაითხოვა იგი სამსახურიდან. 

მოსარჩელე ირაკლი კვარაცხელიას პროკურატურისთვისაც ჰქონდა მიმართული, ხელმძღვანელი პირების მხრიდან განხორციელებული დევნის, იძულებისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით, თუმცა გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა.

მოსარჩელე ირაკლი კვარაცხელიას ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" იცავს.