ევროკავშირის იუსტიციის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შექმნიან ანტიტერორისტული ექსპერტების სპეციალურ ჯგუფს, რომელიც ევროპოლის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ Euractiv-ი იტყობინება. შესაბამისი გადაწყვეტილება ბრიუსელში გუშინ გამართულ საგანგებო სამიტზე მიიღეს.
მინისტრების თქმით, შექმნილი ჯგუფი დაეხმარება ევროკავშირის სამართალდამცავ უწყებებს, გამოიკვლიონ არსებული ტერორისტული საფრთხეები. ჯგუფი მონიტორინგს გაუწევს უცხოელი მებრძოლების მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებს, ტერორისტების ფინანსების და არალეგალური იარაღის ნაკადს და ონლაინ პროპაგანდას.
ევროკავშირის იუსტიციის მინისტრებმა ასევე განაცხადეს, რომ მათ სურთ ევროკომისიამ გააძლიეროს მუშაობა ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიებთან, რათა შეძლონ წინააღმდეგობის გაწვა ტერორიზმის პროპაგანდასთან.
ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა კი განაცხადა, რომ თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ დაიწყებენ ერთად მუშაობას ტერაქტების პრევენციის მიზნით, მაშინ მომავალში ისინი იქნებიან პასუხისმგებელნი მომხდარზე.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში ტერაქტები განხორციელდა. შედეგად დაიღუპა 31, ხოლო დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი.