ჯონ კერი - ნადეჟდა სავჩენკო უკრაინაში უნდა დაბრუნდეს

ჯონ კერი - ნადეჟდა სავჩენკო უკრაინაში უნდა დაბრუნდეს

ნადეჟდა სავჩენკო უკრაინაში უნდა დაბრუნდეს, - ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ მოსკოვში რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა. 

ამერიკელმა დიპლომატმა რუსეთის მთავრობას უკრაინელი მფრინავი ქალის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. 

"მე ვისაუბრე ნადეჟდა სავჩენკოზე და იმაზე, რომ მას უნდა მიეცეს უფლება დაბრუნდეს უკრაინაში. ეს ჰუმანიტარული ხასიათის საკითხია და დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს", - აღნიშნა კერიმ. 

თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მან ჯონ კერის ყველა შეკითხვას სავჩენკოსთან დაკავშირებით უპასუხა.

"ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რითიც ზოგიერთი სპეკულირებს, საშიში არ არის", - განაცხადა ლავროვმა. 

აღსანიშნავია, რომ უკრაინელ მფრინავს, ნადია სავჩენკოს რუსეთის სასამართლომ 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი დონბასში რუსი ჟურნალისტების მკვლელობაშია ბრალდებული. თავად სავჩენკო აღნიშნულს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ჯონ კერიმ და სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართული შეხვედრისას უკრაინის საკითხზეც ისაუბრეს. მათი განცხადებით, ისინი თანხმდებიან იმაზე, რომ არსებული პრობლემების მოგვარებისთვის მინსკის შეთანხმების შესრულება აუცილებელია.