ბელგიის პოლიციამ სხარბეკის რაიონში ექვსი პირი დააკავა. "ბიბისის" ცნობით, სამართალდამცველები არ ასახელებენ დაკავებულების ვინაობას და არ აკონკრეტებენ აქვთ თუ არა დაკავებულებს რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტერაქტებთან კავშირი.
სპეცოპერაცია გუშინ საღამოს ჩატარდა. ადგილობრივების თქმით, მათ ოპერაციის დროს გაიგონეს აფეთქებების ხმა, თუმცა, მისი გამომწვევი მიზეზები არ იციან.
პარალელურად, საფრანგეთის პოლიციამ პარიზში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარა. დააკავეს ერთი ადამიანი, რომელიც თავდასხმის მცდელობაშია ეჭვმიტანილი. როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კაზნიოვმა განაცხადა, ეჭვმიტანილი წარმოშობით ფრანგია და იგი თავდასხმის მცდელობის დროს დააკავეს. თუმცა, აქვს თუ არა კავშირი დაკავებულს ბრიუსელის ან პარიზის ტერაქტებთან, უცნობია.
გასული წლის ნოემბერში პარიზში მომხდარ ტერაქტებს 130 ადამიანი შეეწირა, რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში განხორციელებულ თავდასხმებს კი ბოლო მონაცემებით, 31 ადამიანი ემსხვერპლა. ორივე ტერაქტის სერიაზე პასუხისმგებლობა ე.წ. "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.