თამარ ჟვანია - მაჟორიტარული ოლქების საზღვრების შესახებ პროექტი კანონმდებლობასთან აბსოლუტურ თანხვედრაშია

თამარ ჟვანია - მაჟორიტარული ოლქების საზღვრების შესახებ პროექტი კანონმდებლობასთან აბსოლუტურ თანხვედრაშია

ესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, მაჟორიტარული ოლქების საზღვრების შესახებ პროექტი კანონმდებლობასთან აბსოლუტურ თანხვედრაშია. 
მაჟორიტარული ოლქების საზღვრებთან დაკავშირებით, გუშინ, ცესკო-ში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც თამარ ჟვანიამ პრეზენტაცია წარადგინა. შეხვედრას პარტიების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო სექტორის წევრები ესწრებოდნენ.

"ცესკო-ს მიერ წარმოდგენილი საზღვრების პროექტი აბსოლუტურ თანხვედრაშია კანონმდებლობასთან, იმ სტანდარტებთან, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რაც პირველ რიგში ხმების თანაბრობის პრინციპს ნიშნავს. ეს დღეს დამსწრე საზოგადოებამ აღიარა. იყო გარკვეული სახის სხვადასხვა მიზნობრივი შენიშვნები. აჟიოტაჟი არის ატეხილი, რომელსაც საერთოდ არ აქვს არც საკანონმდებლო და არც რაიმე ტიპის არგუმენტირებული საფუძველი", - აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" მოსაზრებას, რომ საზღვრების დაყოფა წინა არჩევებზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით მოხდა, ამასთან დაკავშირებით თამარ ჟვანია აცხადებს, რომ ეს არის აბსოლუტურად დაუსაბუთებული არგუმენტი. მისივე თქმით, საზღვრების დადგენა არა შედეგების მიხედვით, არამედ საკანონმდებლო ჩარჩოებში ამომრჩეველთა რაოდენობის, მოსაზღვრეობის, გეოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით ხდება. 
ამასთან, ცესკო-ს თავმჯდომარის განმარტებით, საოლქო საარჩევნო კომისიებს თავიანთი სახელწოდებები ექნება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ საზღვრებს მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები პირდაპირი წესით არ ემთხვევა, დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, მაჟორიტარული ოლქებისთვის სახელწოდებები არ განისაზღვრება. 

"კანონში წერია, რომ მათ ექნებათ მხოლოდ ნომრები", - დასძინა თამარ ჟვანიამ.

ცესკო-ს გადაწყვეტილებას ხელისუფლების არჩევნებში დამარცხების შიშით ხსნის "ნაციონალური მოძრაობა". 

"სამწუხაროდ, თავი მეგონა "ქართული ოცნების" სათავო ოფისის სათათბირო ოთახში. აურზაური, რომელიც თბილისს თავს დაატახეს, ოლქების დახლეჩვა-დაფლეთასთან დაკავშირებით, ცესკო არ აპირებს, რომ ამაზე აზრი შეიცვალოს", - აღნიშნა ნიკა მელიამ.

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" წევრის, გიორგი მელაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება არჩევნებამდე 6 თვით ადრე სერიოზულ პრობლემებს შექმნის. "არ ვიცი რამდენად შეძლებს ეს საარჩევნო კომისია ლეგიტიმურად, გამჭვირვალედ ჩაატაროს ოქტომბერში არჩევნები", - განაცხადა გიორგი მელაძემ. მისივე შეფასებით, გაურკვეველია რა პრინციპით იხელმძღვანელა ცესკო-მ თბილისის ბევრ საარჩევნო ოლქში. "ამომრჩეველი ვერ გაიგებს რომელი რაიონის მაჟორიტარს აძლევს ხმას. მაჟორიტარულ ოლქებს სახელი არ ერქმევა, მინიჭებული ექნება ნომერი", - აღნიშნა გიორგი მელაძემ.
მედიასთან საკუთარი მოსაზრებების შესახებ ისაუბრეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. 

საია-ს იურისტის, ირმა პავლიაშვილის შეფასებით, შესაძლებელი გახდა მოქალაქეთა ხმის წონის გათანაბრება. მისივე თქმით, ტექნიკური საკითხია, როგორ მოხდება დანარჩენი პრინციპების გათვალისწინება.

"წარმოდგენილი პროექტით ჩვენ დავინახეთ, რომ პრინციპი, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა, რომელიც ამომრჩეველთა ხმების წონის გათანაბრებას ეხებოდა, ამ შემთხვევაში დაცულია", - აღნიშნა ირმა პავლიაშვილმა.

"სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელის, ლადო ბოჟაძის მოსაზრებით, არც ერთ ოლქთან მიმართებაში კითხვის ნიშანი აღარ არსებობს, რამაც შესაძლოა კონკრეტული სარჩევნო ოლქის, ან მთლიანად, საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი დააყენოს.

"ცესკო-მ მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა და ყველა პრინციპი, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ითვალისწინებს, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სრულად ასახულია როგორც დედაქალაქში, ასევე სამ თვითმმართველ ქალაქში", - აღნიშნა ლადო ბოჟაძემ.