25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა

25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა

25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დღეს, 12:00 საათზე, პარაკლისს გადაიხდის. 

ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან 457 წელს მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია 1811 წელს გააუქმა. ავტოკეფალიის აღდგენამდე რუსეთის სინოდი ქართულ ეკლესიას ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა. 
ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ სცნო, თუმცა ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. 

რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მხოლოდ 1943 წელს აღიარა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ, ადგილობრივ ეკლესიათა დიპტიხში მეექვსე ადგილზე. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის უშუალო მონდომებით კი, მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს 4 მარტს სცნო. 

ამჟამად საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიას დიპტიხში მე-6 ადგილი არაოფიციალურად უკავია. "ამ დღეს შედგა დიდი მოვლენა კონსტანტინეპოლში, საქართველოს ეკლესიას გადმოეცა ორი სიგელი - პატრიარქობის და ავტოკეფალიის", - განაცხადა პატრიარქმა 20 მარტის საკვირაო წირვაზე.