თბილისის მერია რამდენიმე საბავშვო ბაგა-ბაღში დირექტორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს ეხმაურება.
გვინდა განვაცხადოთ, რომ დირექტორების გათავისუფლება მხოლოდ მათი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას უკავშირდება და საკითხის პოლიტიზება ჩვენთვის მიუღებელია.
მიუხედავად იმისა, რომ ბაღებში აღმოჩენილი კონკრეტული დარღვევების შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, გარკვეული პირები ცდილობენ, დირექტორების გათავისუფლება პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ.
აღვნიშნავთ, რომ ბაგა-ბაღებში ბავშვებისთვის უსაფრთხო და ჯანმრთელი გარემოს შექმნაზე პასუხისმგებელი არის თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო. სააგენტოს ხელმძღვანელობა არ დაუშვებს საფრთხე შეექმნას ბავშვების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას, შესაბამისად ყველა დარღვევას, მათ შორის ფინანსურსაც, ადეკვატური რეაგირება მოყვება.
მოვუწოდებთ მშობლებს, ნუ ჩაერთვებიან კონკრეტული პირების მიერ პოლიტიკურად მართულ პროცესებში!
რაც შეეხება დარღვევებს, რის საფუძველზეც გათავისუფლდნენ დირექტორები, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ბაღებში ინსპექტირება ჩაატარა როგორც თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურმა, ასევე თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა. შემოწმდა დაფინანსების მოთხოვნის, მიღებისა და გასული ხარჯების მიზნობრიობა, რის შედეგადაც გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვების ზედმეტად ჩამოწერა, საკვები პროდუქტისათვის მოთხოვნილი თანხების სააგენტოსთან შეუთანხმებლად სამეურნეო ხარჯების დასაფინანსებლად გამოყენება და სხვა. სააგენტოს წესდების თანახმად კი, ბაგა-ბაღის საერთო საქმიანობას წარმართავს და მის ხარისხზე, კანონიერებასა და ეფექტურობაზე პასუხისმგებელია ბაგა-ბაღის დირექტორი.
თბილისის მასშტაბით ამ დროისთვის 161 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს და სააღმზრდელო პროცესში 56 000 ბავშვია ჩართული.