ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა გავლენიან გამოცემა "გარდიანში" აქვეყნებს სტატიას, სადაც კიდევ ერთხელ განმარტავს 2008 წლის ომის გამოძიების საჭიროებას.
სტატიაში სათაურით: "რუსეთ-საქართველოს ომი: რატომ დაიწყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ომის დანაშაულის გამოძიება" ფატუ ბენსუდა წერს, რომ 2008 წელს, ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა, მათ შორის მშვიდობისმყოფელები, ათასობით ადამიანი კი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.
ფატუ ბენსუდა ასევე აღნიშნავს, რომ ქართული და რუსული მხარეები გამოძიებას ატარებდნენ, თუმცა საქართველოში ეს პროცესი შეჩერდა "სამხრეთ ოსეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების არასტაბილური ვითარების გამო".
"ამგვარად, გასული წლის მარტში საქართველოს ხელისუფლებამ აცნობა ჩემ ოფისს, რომ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დაკავშირებულ საქმეებზე შიდა გამოძიების შემდგომი პროგრესის პერსპექტივა აღარ არის", - აღნიშნავს ბენსუდა.
მისი თქმით, ამის შემდეგ მან მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს საკუთარი გამოძიების ჩატარების თხოვნით.
ბენსუდას განცხადებით, ამ ეტაპზე დაიწყება მტკიცებულებების შეგროვება სხვადასხვა წყაროდან, ხოლო ეჭვმიტანილთა იდენტიფიცირება მომდევნო ეტაპზე მოხდება.
"თუ მოპოვებული მტკიცებულებები მოგვცემს გონივრულ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ პირმა ჩაიდინა ომის დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, მაშინ გადავალთ შემდეგ ეტაპზე - მივმართავთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, გასცეს დაკავების ორდერი ან გამოსცეს ბრძანება სასამართლოში გამოცხადების შესახებ", - წერს ბენსუდა.
"გარდიანში" გამოქვეყნებულ სტატიაში ის მკითხველს ახსენებს, რომ გამოძიება არის დამოუკიდებელი იურიდიული პროცესი და არ არის ვინმეზე გამიზნული, არ ეხება გეოპოლიტიკას ან პოლიტიკური უთანხმოებების მოგვარებას, "სამხრეთ ოსეთის" სტატუსის განსაზღვრას, ან ვინმესთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას სამხედრო მოქმედებების დაწყებისთვის.
ფატუ ბენსუდა საქართველოში ვიზიტს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან გამართულ შეხვედრებს წარმატებულს უწოდებს და წერს, რომ ვიზიტის დროს საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, სრულად ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
"ჩემი ოფისს იმედი აქვს, რომ კონფლიქტის ყველა მხარე ითანამშრომლებს", - წერს ფატუ ბენსუდა.