პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მზად არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას და შესაბამისი ქმედების მძიმე კატეგორიის დანაშაულში გადაყვანას ითვალისწინებს. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილია ცვლილებები, რომლის თანახმად სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლიდან პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის გამიჯვნა ხდება.
პროექტის მიხედვით, კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომელიც ითვალისწინებს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფაზე მკაცრი სასჯელების განსაზღვრას. კომიტეტის მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელისწვდომობის სხვაგვარად უზრუნველყოფა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე.
პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, იქნება დასჯადი თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 8 წლამდე.
აღნიშნული ქმედება ჩადენილი ანგარებით, არაერთგზის გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას – თავისუფლების აღკვეთით 6-დან 9 წლამდე.
ამასთან, პროექტის მიხედვით, ზემოთ აღნიშნული ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ამ საიდუმლოს დაცვა ევალდებოდა ან რომელმაც აღნიშნული ქმდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინა – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 10 წლამდე ვადით.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მომზადებული პროექტის პარლამენტში ინიცირების საკითხზე დღეს იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.