პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რეფორმით განსაზღვრულია სტარტაპის იდეების დაფინანსების ინსტიტუტის შექმნა, რომელიც სტუდენტებს, ახალგაზრდა ინიციატივიან ადამიანებს მისცემს საშუალებას, რომ დააფინანსოს საკუთარი იდეები.
პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ სტარტაპის იდეების დაფინანსების ინსტიტუტის შექმნა სტუდენტებს, ახალგაზრდა ინიციატივიან ადამიანებს მისცემს საშუალებას, რომ დააფინანსოს საკუთარი იდეები ახალ პირობებში , რომლისთვისაც არ იქნება საჭირო ჩვეულებრივი საბანკო პროცედურების გავლა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, სტარტაპის იდეების დაფინანსების ინსტიტუტი იქნება საპარტნიორო ფონდთან ერთად არსებული სპეციალური ფონდი და იქნება კონკრეტულად ახალგაზრდების ბიზნესინიციატივებზე ორიენტირებული.
"ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, ჩვეულებრივი საბანკო პროცედურებისგან განსხვავებით, ყველანაირი უზრუნველყოფის გარეშე მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესინიციატივის სიცოცხლისუნარიანობის შეფასების საფუძველზე მიიღონ დაფინანსება და განახორციელონ საკუთარი ბიზნესინიციატივები. ეს ინიციატივა მზადაა, ეკონომიკის სამინისტრო საპარტნიორო ფონდთან ერთად და მთავრობის სხვა წევრების ჩართულობით ამზადებს ამ ინიციატივას ჩასაშვებად, სავარაუდოდ, მაქსიმუმ ერთ თვეში ეს ინსტიტუტი ფუნქციონირებას დაიწყებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდების აზროვნება იმგვარად ჩამოყალიბდეს, რომ მათ არასდროს გამორიცხონ საკუთარი ბიზნესწამოწყებების შესაძლებლობა და არ იყვნენ მხოლოდ დაქირავებულ სამუშაოზე ორიენტირებულები.
„დაქირავებულ შრომაში არაფერია დასაძრახი, მაგრამ რაც უფრო მეტი ახალგაზრდა გვეყოლება, რომელიც შემდგომში სხვების დამსაქმებელი გახდება, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ეკონომიკა და მით უფრო შეუქცევადი იქნება ეს პროცესი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.