პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სწავლების ახალი მოდელი დამყარებული იქნება საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის პირობებში ერთდროულად სწავლებასა და მუშაობაზე.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება, განათლების რეფორმის პირველ ეტაპი - პროფესიული განათლების რეფორმა წარადგინა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, რეფორმის პირველი ეტაპი გულისხმობს შრომით ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლების სისტემის შექმნას.
„დღემდე ჩვენ ფოკუსირებული ვიყავით საბაზისო საჭიროებებზე ანუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საბაზისო განათლების უზრუნველყოფაზე და დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება უფრო შორს მიმავალ მიზნებზე ორიენტირებული ახალი რეფორმა წამოვიწყოთ და სწორედ დღეს ვიწყებთ ჩვენ ამ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ დღეს საერთაშორისო კვლევებიც აჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი არის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალის არარსებობა.
"ახალი ეტაპი გულისხმობს სრულიად განსხვავებული სწავლების მოდელს, რომელიც იქნება დამყარებული საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის პირობებში ერთდროულად სწავლებასა და მუშაობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პროცესშივე სტუდენტს ჰქონდეს საშუალება მომავალ დამსაქმებელთან ურთიერთობის. უკვე სწავლის შემდგომ სტუდენტი გადაწყვეტს გააგრძელოს სამუშაო პრაქტიკა და დასაქმდეს, წამოიწყოს საკუთარი ბიზნესი თუ გააგრძელოს უმაღლესი განათლება. მას ექნება ამის საშუალება და არა მხოლოდ საშუალება - სახელმწიფო შეუქმნის თითოეული მიმართულებით შესაბამის პირობებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.