ძალიან დამაიმედებელია, რომ ორპარტიული მხარდაჭერა ჰპოვა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტმა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის დარეგისტრირების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ის ამ ტექსტთან დაკავშირებით დეტალურ კომენტარს ვერ გააკეთებს.
"რასაკვირველია, მე საქართველოში წარმოვადგენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და აღმასრულებელ შტოს. ტექსტთან დაკავშირებით კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ. ჩემთვის ძალიან დამაიმედებელია, რომ ორპარტიული მხარდაჭერა ჰპოვა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტმა", - განაცხადა ელჩმა.
როგორც იან კელიმ აღნიშნა, გასულ კვირას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ერთობლივი კონფერენციის დროს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა აშშ-ის მიერ.
"ასევე კერიმ ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და აუცილებელია რუსეთმა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც 2008 წლის შეთანხმებით არის გათვალისწინებული. გუშინ საქართველოს სტუმრობდა გენერალი ბრიდლავი, რომელმაც მის გამოსვლაში მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ასევე მან ისაუბრა იმ მიუღებლობაზე, რომელიც გვაქვს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით", - განაცხადა იან კელიმ.