პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჯერჯერობით არ ყოფილა მსჯელობა იმაზე თუ რა ფორმით ჩაერთვება ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში.
ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, მოსალოდნელია თუ არა ივანიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩართვა და ზოგადად მისი პოლიტიკაში დაბრუნება.
"ბატონმა ბიძინამ თავად განაცხადა, რომ ის აქტიურად ჩაერთვება ჩვენს წინასაარჩევნო სამზადისში, თუმცა რა ფორმით მოხდება ეს, საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა. ეს პირველ რიგში ბატონ ბიძინაზეა დამოკიდებული და ბუნებრივია, ამაზე მსჯელობა იქნება გუნდში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.