ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიებამ ბიზნესმენი სოსო დოლიძე დაკითხა და მას ანაბეჭდები და საექსპერტო კვლევისთვის სხვა სახის ანალიზები აუღო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბიზნესმენის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განუცხადა.
გელაშვილის ინფორმაციით, სოსო დოლიძის დაკითხვა იმ დღესვე მოხდა, როდესაც ალექსი პეტრიაშვილი დაჭრეს. მისივე თქმით, ბიზნესმენმა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი თავად გამოთქვა და საქმეზე დაკითხვაც თავად ითხოვა.
"მას შემდეგ რაც პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტი მოხდა, სოციალურ ქსელში აქტიურად სახელდებოდა სოსო დოლიძე და პირდაპირ ასახელებდნენ მას. ამის შესახებ ცნობილი გახდა თავად სოსო დოლიძისთვისაც. თვითონ დაგვიკავშირდა ადვოკატებს და გამოთქვა მზადყოფნა გამოძიებასთან თანამშრომლობის. ჩვენ დავუკავშირდით პროკურატურას და ვუთხარით, რომ ჩვენების მისაცემად მზად ვიყავით. აქედან გამომდინარე დაურეკეს მას პოლიციიდან და დაიბარეს დაკითხვაზე, რომელსაც ადვოკატებიც ვესწრებოდით. სოსო დოლიძემ დეტალურად აღწერა სად იმყოფებოდა იმ დღეს, რას აკეთებდა. მისგან აიღეს ასევე საექსპეტო კვლევისთვის ანალიზები, ანაბეჭდები", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლილი გელაშვილმა.
ადვოკატის ინფორმაციით, შემთხვევის დღესვე დაკითხვის შემდეგ, გამოძიებას ბიზნესმენ სოსო დოლიძესთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია. ლილი გელაშვილის ინფორმაციით, დოლიძემ არც ის იცის ვინ არის დაკავებული ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტზე და შესაბამისად, ბრალდებულთან რაიმე სახის ნაცნობობა არ აკავშირებს.