ახალგაზრდების ბიზნესინიციატივებზე ორიენტირებული სტარტაპის დაფინანსების ინსტიტუტი ფუნქციონირებას, სავარაუდოდ, ერთ თვეში დაიწყებს.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ტექნოლოგიურ პარკში განაცხადა, სადაც განათლების რეფორმის პირველი ბლოკის პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, უკვე შემუშავებული და დასაწყებად მომზადებულია ინიციატივა სტარტაპის დაფინანსების, საფინანსო ინსტიტუტის შექმნის თაობაზე.
როგორც პრემიერმა განაცხადა, ეს იქნება საპარტნიორო ფონდთან ერთად არსებული სპეციალური ფონდი და იქნება კონკრეტულად ახალგაზრდების ბიზნესინიციატივებზე ორიენტირებული.
"ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, ჩვეულებრივი საბანკო პროცედურებისგან განსხვავებით, ყველანაირი უზრუნველყოფის გარეშე მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესინიციატივის სიცოცხლისუნარიანობის შეფასების საფუძველზე მიიღონ დაფინანსება და განახორციელონ საკუთარი ბიზნესინიციატივები. ეს ინიციატივა მზადაა, ეკონომიკის სამინისტრო საპარტნიორო ფონდთან ერთად და მთავრობის სხვა წევრების ჩართულობით ამზადებს ამ ინიციატივას ჩასაშვებად, სავარაუდოდ, მაქსიმუმ ერთ თვეში ეს ინსტიტუტი ფუნქციონირებას დაიწყებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდების აზროვნება იმგვარად ჩამოყალიბდეს, რომ მათ არასდროს გამორიცხონ საკუთარი ბიზნესწამოწყებების შესაძლებლობა და არ ჰქონდეთ აზროვნება მხოლოდ და მხოლოდ დაქირავებულ ადამიანად ქცევის მიმართულებით ორიენტირებული.
"დაქირავებულ შრომაში არაფერია დასაძრახი, მაგრამ რაც უფრო მეტი ახალგაზრდა გვეყოლება, რომელიც შემდგომში სხვების დამსაქმებელი გახდება, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ეკონომიკა და მისი განვითარება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.