პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატ გია გაჩეჩილაძის გამოსვლამ და კითხვებმა გამოიწვია, რომელიც უმცირესობის წევრის შოთა მალაშხიას გამოსვლას ეხმაურებოდა.
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შესახებ მჯელობენ. საკითხზე მომხენებელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძეა.
შოთა მალაშხია დაინტერესდა ფიქრობს თუ არა მინისტრის მოადგილე კვლავ, რომ საქართველო რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების ობიექტი არ უნდა იყოს, ასევე დაინტერესდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებებსა და კარასინი-აბაშიძის ფორმატის შეხვედრებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციით.
თავის მხრივ, გია გაჩეჩილაძემ საკუთარ გამოსვლაში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჰკითხა, თუ ახსოვს ვინ შექმნა ის პრობლემები, რომელიც ახლა საქართველოს ტერიტორიაზეა და დაინტერესდა, რატომ ემთხვევა კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატის გაუქმებასთან დაკავშირებით, რუსული და "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციები ერთმანეთს.
ამის პასუხად შოთა მალაშხიამ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან კატეგორიულად მოითხოვა პასუხის გაცემა კითხვაზე, ფიქრობენ თუ არა, რომ ომი წინა ხელისუფლებამ დაიწყო.
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის ამ მოთხოვნას დარბაზში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. სხდომის წამყვანმა დეპურტატმა მალხაზ ვახტანგაშვილმა კი კოლეგებს მოუწოდა, მხოლოდ იმ თემის გარშემო ისაუბრონ და მომხსენებელს მხოლოდ იმ თემის გარშემო დაუსვან კითხვები, რომელსაც გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განიხილავენ.