საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გადადო.
როგორც სხდომის დაწყებისას კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ განმარტა, განხილვის გადადება მომხსნებელთა თხოვნით მოხდა.
"მოგეხსენებათ, მიმდინარეობს კონსულტაციები არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფთან და განხილვის გადადებაც ამას უკავშირდება", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
დეპუტატის ინფორმაციით, საკითხს კომიტეტი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავს.
უმრავლესობის 81 დეპუტატის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და მრავალმანდანტიანი პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რაც 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის უნდა მოხდეს.