გიორგი დგებუაძის, მეტსახელად

გიორგი დგებუაძის, მეტსახელად "მასტერას" ადვოკატი პროკურატურის მხრიდან კანონდარღვევაზე საუბრობს

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანის გიორგი დგებუაძის მეტსახელად "მასტერას" ადვოკატი, პროკურატურის მხრიდან კანონდარღვევაზე საუბრობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ირაკლი გრძელიშვილმა განუცხადა, პროკურორმა სასამართლოში დგებუაძისთვის აღკვეთის ღონისძიების დაზუსტების შუამდგომლობა არ შეიტანა, რაც კანონის უხეში დარღვევაა.

როგორც გრძელიშვილი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა, ახლა გიორგი დგებუაძე საქართველოში იმყოფება და შესაძლოა მოსამართლეს სხვა არგუმენტები გააჩნია კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, აღკვეთის ღონისძიების დაზუსტებასთან დაკავშირებით, სასამართლო უკვე ვერ იმსჯელებს, რადგან მისი განხილვისთვის საჭირო 48 საათიანი ვადა უკვე გასულია.

"პროკურორებმა განმარტეს, რომ რადგანაც საქმე უკვე სასამართლოშია, არ არის საჭირო აღკვეთის ღონისძიების დაზუსტება, რაც ჩემი აზრით, კანონმდებლობის ძალიან დიდი დარღვევაა. კანონმდებელმა მიიღო მუხლი, რომ 2 თვეში ერთხელ დაუსწრებლად იხილავს პატიმრობის შეფარდების მიზანშეწონილობას. კაცი ჩამოიყვანეს საქართველოში და შეიძლება მოსამართლე ათავისუფლებს საერთოდ, ისეთი არგუმენტი აქვს. არ უნდა გადაამოწმონ?" - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ირაკლი გრძელიშვილმა.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალად 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილი სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა ედება. საქმეზე სასამართლო პროცესი 6 აპრილს გაიმართება.

გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა" საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოიყვანეს. ჰოლანდიიდან მისი ექსტრადირება მთავარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა.