აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი შევიდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი შევიდა

23 მარტს, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა - ტედ პომ და ჯერალდ კონოლიმ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თაობაზე ორპარტიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა.

რეზოლუციის პროექტი გმობს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციასა და მისი ტერიტორიის ოკუპაციას, ასევე ოკუპირებული ხაზის გასწვრივ რუსეთის არაკანონიერ ქმედებებს. გარდა ამისა, მოუწოდებს რუსეთს, რომ გაიწვიოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და უარი თქვას მის მიერ წარმოებულ ქმედებებსა და პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის წინააღმდეგ. იგი ასევე მოუწოდებს რუსეთს, რომ გადადგას ნაბიჯები, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმების ყველა პირობის შესასრულებლად.

რეზოლუცია ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ძირითად საკითხებზე პროგრესის მიღწევის საჭიროებას. ამასთან, რეზოლუცია მოუწოდებს აშშ-ის ადმინისტრაციას, ერთმნიშვნელოვნად განაცხადოს, რომ აშშ ნებისმიერი გარემოების მიუხედავად არ ცნობს საქართველოს შემადგენელ რომელიმე ნაწილზე რუსეთის დე იურე და დე ფაქტო სუვერენიტეტს.

რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს აშშ-ს ადმინისტრაციას, რომ გააღრმავოს საქართველოსთან თანამშრომლობა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ყველა სფეროში, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. იგი ასევე მოუწოდებს აშშ-ის ადმინისტრაციას გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება, ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და საქართველოსთვის თავდაცვითი შესაძლებლობების მიწოდების გზით, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერებას. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ თავისუფალი, დემოკრატიული და სუვერენული საქართველო აშშ-ს გრძელვადიან ინტერესშია, რადგან იგი ხელს უწობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.

აშშ-ს წარმომადგენელთ პალატაში რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირების შემდგომ, მისი განხილვა მოხდება საგარეო საქმეთა კომიტეტში, რის შემდეგაც რეზოლუციის ტექსტს კენჭს უყრიან წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სხდომაზე.