დასავლური მედია ბრიუსელის ტერაქტების შემსრულებელთა შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

დასავლური მედია ბრიუსელის ტერაქტების შემსრულებელთა შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

დასავლური მედია ბრიუსელის ტერაქტების შემსრულებელთა შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. ბელგიის პროკურატურაზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ტერაქტები ბელგიის დედაქალაქში ოთხმა ადამიანმა განახორციელა, აქედან ერთ-ერთი გადარჩა და მას ახლა პოლიცია ეძებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოთხიდან ორი თავდამსხმელი ძმები ბრაჰიმ და ჰალილ ბაკრაუიები არიან.

ბელგიის მთავარი პროკურორის ფრედერიკ ვან ლევის ცნობით, 29 წლის ბრაჰიმ ბაკრაუიმ, რომელიც ბელგიის მოქალაქეა, ბრიუსელის აეროპორტში თავი აიფეთქა, ხოლო მისმა ძმამ, ბელგიის მოქალაქე 27 წლის ჰალიდ ბაკრაუიმ შაჰიდის ქამარი მალბეკის სადგურზე აამოქმედა.

ორივე ძმა ცნობილი იყო სამართალდამცველებისთვის კრიმინალური წარსულის გამო, კერძოდ, ჰალიდ ბაკრაუის ინტერპოლი ტერორიზმთან კავშირებისთვის ეძებდა.

გუშინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ 2015 წლის ივნისში თურქეთმა ბრაჰიმ ბაკრაუის დეპორტაცია ბელგიაში მოახდინა, თურქულმა სპეცსამსახურებმა კი გააფრთხილეს ბელგიელი პარტნიორები, რომ ბრაჰიმი ჯიჰადისტი მებრძოლი იყო, თუმცა ამ უკანასკნელებმა გაფრთხილება არ გაითვალისწინეს.

როგორც გუშინ ბელგიის მთავარმა პროკურორმა განაცხადა, ტერაქტის განხორციელებამდე ბრაჰიმმა პერსონალურ კომპიუტერში ჩანაწერი დატოვა შინაარსით, რომ არ იცის რა გააკეთოს და მას ყველგან ეძებენ.

ბელგიის პროკურატურა ჯერჯერობით ვერ ადასტურებს ოთხიდან დანარჩენი ორი თავდამსხმელის ვინაობას, თუმცა, როგორც ადგილობრივი პრესა იტყობინება, ერთ-ერთი მათგანი ნაჯიმ ლაშრაუია.

სამშაბათს ბელგიის პოლიციამ ანტიტერორისტული რეიდები ჩაატარა, რა დროსაც ბრიუსელის შარბეკის რაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 15 კილოგრამი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ქიმიკატები და "ისლამური სახელმწიფოს" დროშა აღმოაჩინა.

რეიდის დროს სამართალდამცველებმა ბინაში სალაჰ აბდესლამის თითის ანაბეჭდები აღმოაჩინეს, რომელიც პარიზის ტერაქტების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი.

სალეჰ აბდესლამი ბრიუსელში გასულ პარასკევს დააკავეს. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ის ბელგიაში ახალ ტერაქტებს ამზადებდა.