საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მინსკში, საქართველო-ბელორუსის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა, რომლის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოსა და ბელორუსიის სავაჭრო-სამრეწველო პალატები.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, ბიზნეს ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ბელორუსიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი კობიაკოვმა გახსნეს. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და ბელორუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ.
საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა საქართველოსა და ბელორუსს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა და აუდიტორიას ქართული ბიზნეს დელეგაცია წარუდგინა.
ფორუმზე გაკეთდა პრეზენტაციები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების, ტურისტული პოტეციალის, სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პროცესებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
ბიზნეს ფორუმში მონაწილეობა მიიღო 27-მა ქართულმა და 59-მა ბელორუსულმა კომპანიამ. მათ შორის 100-მდე პირისპირ შეხვედრა გაიმართა. წარმოდგენილი იყო შემდეგი სექტორები: ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, კვების პროდუქტები, საინფორმაციო და ტელეკომუნიკაციები, დაზღვევა, ალტერნატიული ენერგია, ფარმაცევტიკა, ნავთობპროდუქტები, ბანკები და ფინანსები.
ფორუმის ფარგლებში ქართული პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო, კონიაკი, ლუდი, ლიმონათი, მინერალური სასმელები, ჩაი, კონსერვირებული პროდუქცია. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს კომპანიებმა: "კახური ტრადიციული მეღვინეობა", "სარაჯიშვილი", "კულა", "ნაბეღლავი", "ლომისი", "თბილისის ღვინის მარანი", "არეანი", "უშბა", "ზეარისი", "ნაღდი მარანი", "ქობულეთის ჩაი", "ეპიკ ჯგუფი".
"უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გააქტიურდა ურთიერთობები საქართველოსა და ბელორუსის კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის. ბოლო 3 წლის განმავლობაში ეს გახლდათ რიგით მესამე ბიზნეს ფორუმი, რაც მზარდ ინტერესს ადასტურებს. შესაბამისად, დინამიურად ვითარდება თანამშრომლობა სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის. 2014 წელს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, 2015 წელს - შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ. 2016 წლის 22 მარტს საქართველოსა და ბელოურის სავაჭრო-სამრეწველო პალატების პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბიზნეს საბჭოს შექმნის შესახებ. საბჭოში გაერთიანდებიან ის კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოსა და ბელორუსს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებით. საბჭო ხელს შეუწყობს კომპანიებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარებასა, ინფორმაციის გაცვლას ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში, რეკომენდაციების შემუშავებას ორივე ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით", - აცხადებენ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.