თბილისის მერია რამდენიმე საბავშვო ბაგა-ბაღში დირექტორების გათავისუფლების პროცესთან დაკავშირებით განმარტავს, რომ გარკვეული პირები საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას და ამით ბაღებში აღმოჩენილი დარღვევების ფაქტების დაფარვას ცდილობენ.
ამასთან, მერია მშობლებს მოუწოდებს, პოლიტიკურად მართულ პროცესებში ნუ ჩაერთვებიან.
არსებული ინფორმაციით, მშობლები, რომლებიც ბაგა-ბაღების დირექტორების გათავისუფლების გამო განსაკუთრებით აქტიურობენ ,ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები არიან, თბილისის ბაღებს კი, წლების განმავლობაში, ძირითადად, ყოფილი ხელისუფლების ახლო ნათესავები ხელმძღვანელობდნენ.
90¬-ე ბაღის აწ უკვე ყოფილი დირექტორი ლელე გოგორიშვილი დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის და გახლავთ. მეორე ბაღის ყოფილი დირექტორი ანა გეგია თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატის ნიკანორ მელიას ახლო ნათესავია და სწორედ ის იმუქრება გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებით. რაც შეეხება მესამეს, მეექვსე ბაღის დირექტორი თამარ ბაქრაძე, რომელიც ¬ ტელეკომპანია „რუსთავი 2"¬მა ბარბაქაძედ მოიხსენია, ალბათ გარკვეული ეჭვების გასაფანტად, იგი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის და ამჟამად სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დამცველად მოვლინებული დავით ბაქრაძის ბიძაშვილია.
მელიას, გოგორიშვილის და ბაქრაძის ნათესავები, აუდიტის დასკვნის მიხედვით, თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში არიან მხილებულნი. ამავე მიზეზით თანამდებობიდან გათავისუფლდა 91-ე ბაღის დირექტორი, დიდუბის რაიონის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლალი ნაფეტვარიძე.
დღემდე თბილისის 36-ე და 85-ე ბაღების დირექტორები არიან გია უდესიანის დები. ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე 85-ე ბაგა-ბაღის დირექტორს წლების განმავლობაში ადანაშაულებდნენ თანამშრომლების უსამართლოდ გათავისუფლებაში.
23-ე ბაღის დირექტორის მოადგილე იყო დეპუტატ აკაკი ბობოხიძის და მაია ბობოხიძე, რომელიც სამუშაოდ სხვა ბაღში გადაიყვანეს. საბავშვო ბაღში იყო დასაქმებული მერიის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ გიორგაძის და ირმა გიორგაძე, რომელიც მე-19 ბაღს ხელმძღვანელობდა.
ნაციონალური მოძრაობის წევრებს და საბავშვო ბაღებში დასაქმებულ მათ ახლო ნათესავებს დავიწყებული არ ექნებათ როგორ გათავსუფლდა სამსახურიდან მთავრობის განკარგულებით 2007 წლის 19 ოქტომბერს გიგი უგულავას მერობის დროს საბავშვო ბაღების 30-ზე მეტი დირექტორი, თუმცა მაშინ ამ საკითხის გააქტიურება მათ ინტერესებში არ შედიოდა.
თბილისის მერია აცხადებს, რომ დირექტორების გათავისუფლება მხოლოდ მათი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას უკავშირდება.
თბილისის ბაღებში 20-მდე დირექტორი შეიცვალა, ხმაური კი მხოლოდ სამმა მათგანმა ატეხა და ტელეკომპანია „რუსთავი 2"მა მხოლოდ მათ, ნაციონალური მოძრაობის რჩეულებს დაუთმო საეთერო დროის დიდი ნაწილი.
თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ბაღებში აღმოჩენილი კონკრეტული დარღვევების შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, გარკვეული პირები ცდილობენ, დირექტორების გათავისუფლება პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ.
„აღვნიშნავთ, რომ ბაგა-ბაღებში ბავშვებისთვის უსაფრთხო და ჯანმრთელი გარემოს შექმნაზე პასუხისმგებელი არის თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო. სააგენტოს ხელმძღვანელობა არ დაუშვებს საფრთხე შეექმნას ბავშვების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას, შესაბამისად ყველა დარღვევას, მათ შორის ფინანსურსაც, ადეკვატური რეაგირება მოყვება.
მოვუწოდებთ მშობლებს, ნუ ჩაერთვებიან კონკრეტული პირების მიერ პოლიტიკურად მართულ პროცესებში!
რაც შეეხება დარღვევებს, რის საფუძველზეც გათავისუფლდნენ დირექტორები, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ბაღებში ინსპექტირება ჩაატარა როგორც თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურმა, ასევე თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა. შემოწმდა დაფინანსების მოთხოვნის, მიღებისა და გასული ხარჯების მიზნობრიობა, რის შედეგადაც გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვების ზედმეტად ჩამოწერა, საკვები პროდუქტისათვის მოთხოვნილი თანხების სააგენტოსთან შეუთანხმებლად სამეურნეო ხარჯების დასაფინანსებლად გამოყენება და სხვა. სააგენტოს წესდების თანახმად კი, ბაგა-ბაღის საერთო საქმიანობას წარმართავს და მის ხარისხზე, კანონიერებასა და ეფექტურობაზე პასუხისმგებელია ბაგა-ბაღის დირექტორი.
თბილისის მასშტაბით ამ დროისთვის 161 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს და სააღმზრდელო პროცესში 56 000 ბავშვია ჩართული", - ნათქვამია თბილისის მერის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
უხერხულია, როდესაც ნაციონალები ნეპოტიზმზე საუბრობენ და მათი მთავრობის დროს, სამსახურიდან ბაღების დირექტორების მასობრივად გათავისუფლების პროცესზე და აუდიტის მიერ მელიას, გოგორიშვილის და ბაქრაძის ნათესავების მიერ თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე არაფერს ამბობენ.