რუსეთის მცდელობა მიმართულია იქეთ, რომ მოხდეს თავისუფალი სამყაროს ერთიანობის დანაწევრება და ჩვენი სიმტკიცისადმი გამოწვევის შექმნა, - ამის შესახებ აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა და ნატო-ს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების (SHAPE) უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბრიდლავმა ისაუბრა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე და აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს "აგრესიულად ითამაშოს მისი როლი მსოფლიო საზღვრებს ფარგლებს მიღმა".
გენერალმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
"დღეს შესაძლებლობა მქონდა და ვსტუმრობდი ადმინისტრაციულ საზღვარს. იქ ვიხილე, თუ როგორ არის გაყოფილი საქართველოს მოსახლეობა ორად. თქვენს მამაც ქვეყანას აქვს უშუალო გამოცდილება თუ რა არის რუსეთის მცდელობა, გააფართოვოს მისი დაძალებითი და კოროზიული გავლენა რუსეთის საზღვრებს მიღმა. ახლა ის ცდილობს აგრესიულად ითამაშოს მისი როლი მსოფლიო არენაზე. საბოლოო ჯამში, რუსეთის მდელობა მიმართულია იქეთ, რომ მოხდეს საერთაშორისო სისტემაში არსებული წესების და პრინციპების შეცვლა, მოხდეს თავისუფალი სამყაროს ერთიანობის დანაწევრება და ჩვენი სიმტკიცისადმი გამოწვევის შექმნა", -განაცხადა ბრიდლავმა.
გენერალმა ყურადღება გაამახვილა გამოწვევებზე და ამ მხრივ ორი მიმართულება გამოყო.
"აღმოსავლეთით ჩვენ ვხედავთ აღზევების გზაზე მყოფ აგრესიულ რუსეთს, რომელმაც ერთპიროვნულად აირჩია იყოს მოწინააღმდეგე და წარმოადგენდეს მაღალ აგრესიულობას, როგორც აშშ-სთვის, ასევე ჩვენი ევროპელი მოკავშირებისთვის და პარტნიორებისთვის.
სამხრეთით ევროპა დგას გამოწვევების წინაშე, რასაც წარმოადგენს მასობრივი მიგრაცია. ამის ფარგლებში კარგად ინიღბებიან, როგორც კრიმინალები, ტერორისტები, ასევე უცხოელი მებრძოლები. შედეგად, რეგიონში ორგანიზაცია "დაეში" ვრცელდება კიბოსავით. იგი სარგებლობს და უპირატესობას პოულობს ნაკლები წინააღმდეგობის გაწევაში, რაც თავის მხრივ საფრთხეს უქმნის ევროპულ სახელმწიფოებს თავისი ტერორისტული შეტევებით. მისი დაუნდობლობა მილიონობით ადამიანს აიძულებს სირიიდან და ერაყიდან დატოვონ თავისი სახლები, ეს კი ქმნის ჰუმანიტარული გამოწვევის უპრეცედენტო შემთხვევას.
ვთანამშრომლობთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან იმისათვის, რომ მოვახდინოთ რეაგირება და გადავლახოთ ორივე სერიოზული საფრთხე", - განაცხადა ფილიპ ბრიდლავმა.