უნდა გავაუმჯობესოთ სამხედრო შესაძლებლობები და ტერორიზმს დაუნდობლად დავუპირისპირდეთ

უნდა გავაუმჯობესოთ სამხედრო შესაძლებლობები და ტერორიზმს დაუნდობლად დავუპირისპირდეთ

ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი სამხედრო შესაძლებლობები და ტერორიზმს დაუნდობლად დავუპირისპირდეთ, - ამის შესახებ აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა და ნატო-ს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების (SHAPE) უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც ბრიუსელის ტერაქტს გამოეხმაურა.

როგორც გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა აღნიშნა, ის გმობს ტერორისტულ აქტს, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა.

"პირველ რიგში მინდა შევუერთდე იმ მრავალრიცხოვან ადამიანს, რომლებმაც დაგმეს ეს შეტევები. ეს იყო წარმოუდგენელი რამ, რაც მხოლოდ დაგმობას საჭიროებს, ვინაიდან უდანაშაულო, სამოქალაქო პირები დაზარალდნენ. დაზარალებულთა შორის სამწუხაროდ იყვნენ ჩვენი სამხედროების ოჯახის წევრებიც.

ჩვენ ვლოცულობთ მათთვის ვინც დაზარალდა და ვლოცულობთ მათი სულებისთვის, ვინც დაიღუპა გუშინდელი ტრაგედიის დროს", - განაცხადა ბრიდლავმა.

რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, გენერალი მიიჩნევს, რომ სამხედრო თვალსაზრისით ნამდვილად უნდა გააუმჯობესდეს თანამშრომლობა, ერთნაირად მოაზროვნე სახელმწიფოებმა და ქვეყნებმა უკეთ უნდა ითანამშრომლონ იმისათვის, რომ მოხდეს ტერორიზმთან გამკლავება.

"უნდა მოხდეს შეკავება ტერორისტების და უცხოელი მებრძოლების დაბრუნება ჩვენ ქვეყნებში. ამ მხრივ სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა არის უპირველესი მნიშვნელობის.

სახელმწიფოთა ის ჯგუფი, ვინც არ იღებს ტერორიზმს და წინააღმდეგია ამის, უნდა გააერთიანოს ძალისხმევა იმისთვის, რომ ძირში მოხდეს ტერორზიმის საფრთხის ამოძირკვა.

პირველ რიგში უნდა მოხდეს რეაგირება იმ ადამიანების საჭიროებებზე, რომლებიც დღეს ტერორისტების სამიზნეები ხდებიან. მეორე არის ის, რომ ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი სამხედრო შესაძლებლობები და ტერორიზმს დაუნდობლად დავუპირისპირდეთ", -განაცხადა ფილიპ ბრდილავმა.