ევროპამ კიდევ უფრო მეტი თავისუფლების რეჟიმით უნდა გასცეს პასუხი ტერორიზმს

ევროპამ კიდევ უფრო მეტი თავისუფლების რეჟიმით უნდა გასცეს პასუხი ტერორიზმს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ უნდა გაძლიერდეს უსაფრთხოების ზომები და პრევენცია პირველ რიგში, მაგრამ მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტი თავისუფლების რეჟიმით უნდა გასცეს პასუხი ევროპამ ტერორიზმს და მსგავსი ტიპის აგრესიას.

ამის შესახებ თინა ხიდაშელმა საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურ გენერალ ფილიპ ბრილდავთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც ბრიუსელში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, მისი აზრით, დღეს მსოფლიოს წინაშე ორი ამოცანა დგას.

"პირველი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ყველა ძალის მობილიზებით შევქმნათ იმის შესაძლებობა, რომ მსგავსი ტიპის ტერაქტების პრევენცია მოხდეს. როდესაც ნიუ-იორკში 11 სექტემბერი მოხდა, მაშინ ყველას ჰქონდა განცდა, რომ ამაზე უფრო უარესი შეუძლებელია დაემართოს მსოფლიოს. თუ ეს შესაძლებელი იყო მომხდარიყო ნიუ-იორკში, მაშინ ყველა დაუცველია. გუშინდელმა ბრიუსელმა აბსოლუტურად ანალოგიური ემოციით დატოვა მსოფლიო, რადგან ქალაქი, რომელიც ყველას გვგონია, რომ ყველაზე მეტად დაცულია. ცინიზმის პასუხი სწორედ ეს იყო, ბრიუსელი და არა რომელიმე სხვა ქალაქი იმისთვის, რომ ყველას გაგვიჩნდეს დაუცველობისა და უსუსურობის განცდა. პირველი პასუხი უნდა იყოს უსაფრთხოების პრევენცია, უნდა იყოს ღონისძიებები ერთიანი ევროპის მხრიდან, რომელიც ტერორისტებს შესაძლებობას მოუსპობს ასე უპასუხოდ დარჩეს მათი მოქმედებები, მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ პასუხი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოიცავდეს იმას, რის გამოც ტერორიზმი მძვინვარებს დღეს მსოფლიოში. პასუხი არ უნდა მოიცავდეს თავისუფლების შეზღუდვას და საზღვრების ჩაკეტვას. სწორედ თავისუფალი მოქალაქეების მიერ შექმნილი თავისუფალი სახელმწიფოები არის ყველაზე ადეკვატური პასუხი ნებისმიერ აგრესიაზე, მათ შორის ტერორისტულ აქტებზე", - განაცხადა ხიდაშელმა.