პარტია "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატებისთვის უცნობია, რა ფორმით შეიძლება ჩაერთოს ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის საქმიანობაში, თუმცა ასეთ შესაძლო გადაწყვეტილებას მიესალმებიან და ამბობენ, რომ ღარიბაშვილის გამოცდილება და რესურსი პარტიას წაადგება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა, თუკი ღარიბაშვილს პარტია "ქართულ ოცნებაში" აქტიურ, გამოკვეთილ პოზიციაზე ვიხილავთ, ამაში გასაკვირი არაფერია.
"ის არის ახალგაზრდა, გამოცდილი კაცი. საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო პრემიერის თანამდებობაზე ყოფნის დროს. ირაკლი საზოგადოებაში პოზიტიური სახეა და არის ჩვენი გუნდის წევრი, ამიტომ სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ მან რაიმე კონკრეტული შეთავაზება მიიღოს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დიმიტრი ხუნდაძემ.
უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, ომარ ნიშნიაძის თქმით კი, ირაკლი ღარიბაშვილის რესურსი დასაკარგი არ არის.
"მას აქვს სერიოზული რესურსი გააძლიეროს პარტია "ქართული ოცნება" თავისი განვლილი გზით, გამოცდილებით და ავტორიტეტით. მე ასეთ ნაბიჯს მხოლოდ მივესალმები", - აცხადებს ნიშნიანიძე.