კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურას არავითარი ინტელექტუალური რესური არა აქვს, ადამიანს საჯაროდ, საყოველთაოდ და მრავალჯერადად ჩადენილი დანაშაული დაუმტკიცოს, - ასე აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი ინტერპოლის მიერ დათა ახალაიას მიმართ ძებნის შეწყვეტას.
ცაგარეიშვილის აზრით, პროკურტაურამ საქმე ისე წაიყვანა, რომ "ახალაიას და მის მსგავს კრიმინალებს ხალხმა თურმე აქეთ უნდა მოუხადოს ბოდიში".
"ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი დიდი სამარცხვინო ლაქა საქართველოს ხელისუფლების სხეულზე. ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო, რომ თურმე დადგებოდა დრო, როცა ბატონი ახალაია პოლიტდევნილი, იდეისთვის ტანჯული ადამიანი იქნებოდა, ხოლო ის ადამიანები, რომელთაც ამ ქვეყანაში მისი და მისნაირების თარეშის გამო უდიდესი გაჭირვება გამოიარეს, იქნებოდნენ არა დაზარალებულები, არამედ ამგვარი ადამიანების მდევნებლები და ქვეყნიდან გამძევებლები. თურმე ჩვენი ბრალი ყოფილა, რომ მიტინგებს არბევდნენ, ხალხს ხოცავდნენ, უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ ნებისმიერ ადამიანს-ეს ყველაფერი დანარჩენი საქართველოს ბრალი ყოფილა და არა დათა ახალაიას და მისნაირი ე.წ. ჩინოსნების", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
დათა ახალაიას მიმართ ინტერპოლმა წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა.