ფეხბურთში 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის დროს უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით იქნება გამკაცრებული. ამის შესახებ გამოცემა "ლოკალის" ცნობით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა განაცხადა.
მისი თქმით, უსაფრთხოების ზომები ჩემპიონატისთვის უკვე გამკაცრებულია და მაქსიმუმს შეადგენს.
"ბრიუსელის თავდასხმები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ უდიდესი საფრთხის წინაშე ვდგავართ", - აღნიშნა კაზნევმა. თუმცა, მისივე თქმით, ეს არ იმოქმედებს ჩემპიონატის ჩატარებაზე.
დაგეგმილ სპორტულ ღონისძიებასთან დაკავშირებით გუშინ შეხვედრაც გაიმართა, რომელსაც საფრანგეთის სპორტის მინისტრიც ესწრებოდა. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ჩემპიონატის ჩატარების დროს სტადიონზე ე.წ. მეტალოდეტექტორებს გამოიყენებენ, ასევე იქნება მუდმივი კონტროლი და ვიდეოკამერებიც.
"ეს იქნება უჩვეულო გამოცდილება, ამ დრომდე მსგავს ღონისძიებებზე მონიტორინგი და უსაფრთხოება ამ დონეზე არ ყოფილა უზრუნველყოფილი. საფრანგეთის იმიჯი საფრთხის წინაშეა", - აღნიშნა საფრანგეთის სპორტის მინისტრმა.
ევროპის ჩემპიონატის მატჩებზე 2.5 მილიონზე მეტ გულშემატკივარს ელოდებიან. მატჩები 10 ქალაქში ჩატარდება.