"ბრიუსელის პარალელურად, ტერორისტული თავდასხმა ევროკავშირის მისიაზეც განხორციელდა"

გენერალური შტაბის პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა აცხადებს, რომ ბრიუსელში მომხდარმა ტერაქტებმა ეს ამბავი გადაფარა.

როგორც პოლკოვნიკმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, საინტერესო რამ მოხდა დღეს მალის დედაქალაქ ბომაკოში, სადაც ევროკავშირის მისიაზე მოხდა თავდასხმა. სამი თვითმკვლელი ეცადა დარტყმა მიეყენებინა ევროკავშირის მისიაზე.

"ბრიუსელში მომხდარმა ტერაქტებმა ეს ამბავი გადაფარა, მაგრამ ჩვენ კარგად ვხედავთ ორი სხვადასხვა ორგანიზაციის ქმედებას. ბომაკოში მოქმედებს "ალქაიდა", ბრიუსელში მოქმედებს "ისლამური სახელმწიფო". ეს უკანასკნელი არის ის ფენომენი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი წამყვანი ტერორისტული ორგანიზაცია. ის ცდილობს მაქსიმალური ზიანი მიაყენოს მოწინააღმდეგეს, მოწინაააღმდეგედ კი თვლის ყველას, ვინც არ აღიარებს მათ იდეოლოგიას",- განაცხადა ნიკოლოზ ჯანჯღავამ.

მისივე თქმით, გასათვალისიწნებელია ისიც, რომ ხდება "ისლამური სახელმწიფოს" ცვლილება.ის განმარტავს, რომ ეს არის იდეოლოგია, რომელიც ყალიბდება ძირითადად ე.წ არშემდგარ ქვეყნებში როგორიც არის იემენი, ლიბია, ერაყი, სირია. ქვეყნებში, სადაც არ არსებობს კანონი, რომელიც დაშლილია სამოქალაქო ომით, კორუფციული რეჟიმებით.

"ამ ტიპის ტერორისტული აქტები იქნება, ჩვენ ვერ გავექცევით ამას მომავალი 5 -10 წლის განმავლობაში. რადგან შეიძლება ხვალ "ისლამური სახელმწიფო" განადგურდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაქრება ის იდეა, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის უმუშევრობა, დემოკრატიული ინსტიტუტების არქონა. საუბედუროდ ასეთი ტიპის ტერაქტები ხშირად განმეორდება",-აღნიშნა ჯანჯღავამ და დასძინა, რომ  "ისლამურ სახელმწიფოში" დიდი რაოდენობით არიან უცხოელები, მათ შორის არა მარტო ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებლები, არამედ იმ ქვეყნებიდანაც, როგრიც არის დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, კანადა.

"მათი მამოძრავებელი ძალა არის ყურანის პირდაპირი წაკითხვა, სადაც არის ბარბაროსული იდეოლოგია, რადიკალიზმი",-განაცხადა პოლკოვნიკმა და განმარტა, რომ ტერორისტული დაჯგუფებები ძალიან კარგად იყენებენ იმ ადამიანებს, რომლებმაც რომ ვერ მოძებნეს თავიანთი თავი დღევანდელ ევროპულ სივრცეში.