ტიტას ხე ბარჟაზე განათავსეს, რომელიც შეკვეთილის სანაპიროს ხვალ მიადგება

ტიტას ხე ბარჟაზე განათავსეს, რომელიც შეკვეთილის სანაპიროს ხვალ მიადგება

ციხისძირიდან 47 მეტრი სიმაღლის ტიტას ხე ზღვაში ბარჟაზე განათავსეს. 150 მეტრიანი მანძილის დაფარვას სპეცტექნიკამ 2 საათი მოანდომა. სირთულეები იყო ხის ადგილიდან დაძვრისა და სპეცმანქანების დაღმართზე ჩასვლის დროს. 640 ტონის სიმძიმის მასის ზღვაში ბარჟაზე განთავსებას ადგილობრივები და მედიის წარმომადგენლები ადევნებდნენ თვალს.

მსგავსი სიდიდის ხის გადარგვა საქართველოში პირველად ხორციელდება. სამუშაოებს კომპანია "ზიმო" აწარმოებს. როგორც კოპანიის ინჟინერმა ირაკლი შანავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ხის ზღვამდე მიტანა ურთულესი იყო.

"ურთულესი იყო ამ მასის გადატანა. ჩვენ გავუმკლავდით და ქართულმა კომპანიამ შეძლო ამის გაკეთება. პირველი სირთულე ის იყო, რომ ჩვენ არ უნდა შეგვეფერხებინა რკინიგზის მუშობა, მეორე სირთულე იყო ხის ბარჟაზე გადატანის პროცესი. ზღვით განხორციელდება ტრანსპორტირება და დასჭირდება 6-7 საათი. შემდეგ გარკვეული დროა საჭირო გადარგვისთვის. მომდევნო ეტაპზე განხორციელდება კიდევ ორი ხის გადატანა", - აღნიშნა ირაკლი შანავამ.

სანაპიროზე მდგომ ბარჟამდე მისასვლელი გზის გაყვანა დილიდან დაიწყო და 17:00 საათისთვის დასრულდა. ხის ზღვამდე მიტანა 18:00 საათზე დაიწყო 20:00 საათზე დასრულდა.

ციხისძირიდან ხე გურიის დენდროლოგიურ პარკში გადაირგვება. ბარჟა შეკვეთილის სანაპიროს ხვალ მიადგება.