გარდამავალ პერიოდში, სანამ ტელეკომპანიის დამფუძნებლები და მეწილეები შეთანხმდებიან, შესაძლოა, "მაესტროს" სპეციალურად შექმნილმა ბორდმა უხელმძღვანელოს.
ამის შესახებ, ცოტა ხნის წინ ტელეკომპანიის ერთ-ერთმა მეწილემ გია გაჩეჩილაძემ "ქრონიკასთან" საუბარში განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ბორდი ორივე მხარის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.
რაც შეეხება ტელეკომპანია "მაესტროს" თანამშრომლების ხუთპუნქტიან მოთხოვნას, ამასთან დაკავშირებით გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ეს არის დავა მეწილეებსა და დამფუძნებლებს შორის.
"აქ მიდის დავა მოწილეებსა და დამფუძნებლებს შორის. მაესტროს ჟურნალისტები არიან დაქირავებული თანამშრომლები. ჟურნალისტს არავითარი უფლება არ აქვს ულტიმატუმებით ილაპარაკოს. რა და ვინ უნდა დავნიშნოთ, ამას ჩვენ თვითონ გავაკრვევთ. ნუ ერევიან სხვის კომპეტენციაში, ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს ჟურნალისტების მხრიდან ულტიმატუმების წამოყენება, დამფუძნებლები ყველაფერს მოაგვარებენ",- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
მაკა ასათიანის ადვოკატი გიორგი გვენეტაძე კი აცხადებს, რომ სატელეფონო საუბარი უკვე შედგა მაკა ასათიანსა და გია გაჩეჩილაძეს შორის. მაკა ასათიანი ასევე, ესაუბრა თანამშრომლებსაც და ის მზად არის გაითვალისწინოს თანამშრომლების მოთხოვნა.
მაესტოს თანამშრომლები ითხოვენ, რომ ტელეკომპანიის ეთერს დაუბრუნდეს ლოგო და სახელი, გარკვეული პერიოდის მანძილზე ლევან გაჩეჩილაძეს შეუწყდეს გენერალური დირექტორის უფლებამოსილება, ამ პოსტზე დაინიშნოს ნეიტრალური პირი და დროულად დაიფაროს სახელფასო დავალიანება.