სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს პარლამენტსა და ხელისუფლებას უვადო პატიმრობის წესის გადახედვისკენ მოუწოდა.
როგორც პატრიარქმა დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა, პარლამენტმა უნდა იფიქროს, რომ უვადო არაფერია ფიზიკურ სამყაროში და უვადო არის მხოლოდ ღმერთი.
"ჩვენ გვყავს პატიმრები, რომლებსაც უვადო პატიმრობა აქვთ შეფარდებული, მათ დაკარგული აქვთ ყოველგვარი იმედი, რომ ოდესმე გამოვლენ და დაუბრუნდებიან ოჯახს, საქმეს და სამშობლოს. ჩვენმა პარლამენტმა უნდა იფიქროს ამაზე, რომ უვადო არაფერია ფიზიკურ სამყაროში, უვადო არის მარტო ღმერთი. ესა თუ ის პატიმარი, თუ დაადგა გამოსწორების გზას, შრომობს და აკეთებს სიკეთეს, მას, შესაძლებელია შევუცვალოთ უვადო პატიმრობა და დაუწესდეს გარკვეული ვადა", - ბრძანა პატრიარმა.
მისივე თქმით, ის უვადო პატიმრობამისჯილ მსჯავრდებულებს შეხვდა. "მე მქონდა მათთან შეხვედრა, ისინი ლოცულობენ, შრომობენ, ხატებს წერენ, ამიტომ ჩვენმა პარლამენტმა და ხელისუფლებამ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს", - განაცხადა ილია მეორემ.