საფრანგეთ-ბელგიის საზღვარზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება. როგორც "ბი-ბი-სი" წერს, ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამის დაკავების შემდეგ ახალი თავდასხმების რისკი გაიზარდა.
საზღვარზე დამატებითი ძალების განლაგება იგეგმება. ამჟამად საფრანგეთის საზღვარს 5 ათასი პოლიციელი იცავს.
26 წლის სალეჰ აბდესლამი ამჟამად ბელგიის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება. როგორც მოსალოდნელია, უახლოეს მომავალში მოხდება მისი საფრანგეთში ექსტრადირება.
გამოძიების თანახმად, საფრანგეთის მოქალაქე აბდესლამი 2015 წლის ნოემბერში პარიზში განხორციელებული ტერაქტების მთავარი ორგანიზატორია. მაშინ ძალადობრივ აქტებს 130 ადამიანი ემსხვერპლა.