ბელგიაში დაკავებულმა სალაჰ აბდესლამმა, რომელიც გასული წლის ნოემბერში, პარიზში განხორციელებული ტერაქტების მთავარ ორგანიზატორად მიიჩნევა, თავდასხმებში საკუთარი მონაწილეობა აღიარა.
როგორც "ბი-ბი-სი" საფრანგეთის პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინება, აღიარებითი ჩვენების დროს მან განაცხადა, რომ Stade de France-ის სტადიონთან თავის აფეთქებას გეგმავდა, თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრა.
გუშინ ბელგიის პროკურატურამ სალეჰ აბდესლამს ტერორისტული აქტისა და მკვლელობის, ასევე ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის მუხლით ოფიციალური ბრალდება წაუყენა.
საფრანგეთის მოქალაქე სალაჰ აბდესლამი 18 მარტს ბრიუსელის ერთ-ერთი გარეუბანში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
2015 წლის ნოემბერში პარიზში განხორციელებული ტერაქტების სერიას 130 ადამიანი ემსხვერპლა.