რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას "საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის" შეცვლასთან დაკავშირებით ამერიკის ყოფილი ელჩი ნატო-ში კურტ ვოლკერი ლეგალურობის დამახინჯებულად წარმოდგენად აფასებს.
"ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბარში კურტ ვოლკერი ასევე გამოეხმაურა კარასინის იმ განცხადებას, რომ მოსკოვი "მოთმინებით აკვირდება" საქართველოში ანტირუსული სენტიმენტების მომატებას და "ეს მოთმინება უსაზღვრო არ არის." ვოლკერი ამბობს, რომ ამ განცხადების დანიშნულება საქართველოზე ზეწოლის გაზრდაა.
"პირველ რიგში, ვიტყვი, რომ რუსები სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველოს უწყვეტად აკრიტიკებდნენ. ახლანდელმა მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთბის ნორმალიზება მომხდარიყო. მაგრამ თუ ისინი საქართველოს ამაზეც საყვედურობენ, მაშინ ვფიქრობ, კრემლი კმაყოფილი არასოდეს იქნება", - განაცხადა ვოლკერმა.
ყოფილი ელჩი მეორე ფაქტორად იმას ასახელებს, რომ რუსეთი იმას არ აქცევს ყურადღებას, თუ რატომ შეიძლება იზრდებოდეს საქართველოში მოსკოვის მიმართ უკმაყოფილება.
ვოლკერს მიაჩნია, რომ რუსი პოლიტიკოსები, როგორც წესი, განცხადებებს იმისთვის აკეთებენ, რომ პროცესებზე ან ადამიანებზე გავლენა მოახდინონ და მათ მოქმედების შეცვლა აიძულონ.
"ყოველთვის შეცდომაა რუსი ოფიციალური პირების და დიპლომატების მოსმენა და იმის ფიქრი, რომ ისინი სიმართლის გადმოცემას ცდილობენ. ამ შემთხვევაში, რუსების მიზანი საქართველოზე ზეგავლენის მოხდენაა - რომ მთავრობა აიძულონ რუსეთთან უფრო მეტად დამთმობი იყოს. ეს საშიში მდგომარეობაა. სამწუხაროდ, რუსეთი ის ქვეყანაა, რომელიც მეზობლეზე ასეთ ზეწოლას ახორციელებს,"- აცხადებს ვოლკერი.
რაც შეეხება "საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის" შეცვლასთან დაკავშირებით კარასინის განცხადებას, ამას ამერიკის ყოფილი ელჩი ნატო-ში კურტ ვოლკერი ლეგალურობის დამახინჯებულად წარმოდგენად აფასებს.
"ეს ლეგალურობის დამახინჯებული წარმოდგენაა. ეს საქართველოს ტერიტორიტორიებია, სადაც ლეგალურად შესვლა მხოლოდ საქართველოს გავლითაა შესაძლებელი. არალეგალურია ის, რომ რუსეთს ეს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და ითხოვს, რომ იქ ადამიანების შესვლა რუსეთმა აკონტროლოს. ლეგალური არგუმენტისგან დამუკიდებლად, რუსეთი პრაქტიკულად აკონტროლებს ამ ტერიტორიებს და იქ ხალხის შესვლას. ამიტომ, ამ განცხადების ერთადერთი რეალური მიზანი საქართველოზე ზეწოლის მოხდენაა," - აცხადებს ყოფილი ელჩი.
როგორც გამოცემის მასალაშია ნათქვამი, კარასინის განცხადებას საქართველოს ოფიციალური წრეების მხრიდან მყისიერი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა და პოლიტიკოსებმა მოსკოვის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა დაგმეს.
ვოლკერი აცხადებს, რომ ოკუპაციასთან შედარებით რუსეთს მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი უმნიშვნელოა. მისივე თქმით, რუსეთს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მარიონეტული მთავრობები და ათასობით ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული და შიდა საქმეებში ჩარევა სწორედ ეს არის.
რაც შეეხება კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატს, ვოლკერი ამბობს, რომ დიალოგის შენარჩუნება აუცილებელია, ერთი ფაქტორის გათვალისწინებით.
"ჩემი აზრით, ეს დიალოგი გაგრძელდება და უნდა გაგრძელდეს კიდეც. კონტაქტის შენარჩუნების იდეა ყოველთვის კარგია, რადგან ამ მეთოდით სიტუაციის განმუხტვა მანამდეა შესაძლებელი სანამ ვითარების ეკალაცია მოხდება", -განაცხადა დიპლომატმა.
მისივე თქმით, რუსეთი მიზანმიმართულად აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოცხადების პოლიტიკას და უარს ამბობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებაზე. ეს კი იმის გარანტიაა, რომ ურთიერთობები კიდევ დიდ ხანს იქნება გაყინული.
"სწორედ ამიტომ, დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ საქართველოს მხრიდან, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ამ დიალოგის შინაარსს," – აცხადებს ვოლკერი.
ის ფიქრობს, რომ რუსეთის ზეწოლისთვის წინაამდგობის გასაწევად საქართველოს რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შეუძლია. მათგან ერთ-ერთ პარტნიორ ქვეყნებთან აქტიური კავშირების გაგრძელება და საქართველოს თემის საერთაშორისო ფორუმებზე უწყვეტად წამოჭრაა. ვოლკერი მიიჩნევს, რომ საქართველოს კიდევ ერთი, უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა შეუძლია.
"კრიტიკულად მნიშვნელოვანია მთავრობისა და ოპოზიციის მხრიდან ძირითად პრინციპებზე შეთანხმება და ამ თანხმობაზე საუბარი. მათ ერთმანეთის შიდა პოლიტიკა არ მოსწონთ, მაგრამ სინამდვილეში ბევრ რამეზე თანხმდებიან, მაგალითად, საბაზრო ეკონოიმკის შექმნაზე, ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ეს ის მნიშვნელოვანი თემებია, რომლებზეც პოლიტიკური ძალები თანხმდებიან და ამაში ქართველი ხალხის ფართო მხარდაჭერა აქვთ. საერთო ღირებულებებზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს რუსული ზეწოლისგან დასაცავად," – განაცხადა ვოლკერმა.