მილტონ ჰეიგი - საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვურჩევ, ჩამოვიდეს და აქ იცხოვროს, შეიგრძნოს აქაური კულტურა

მილტონ ჰეიგი - საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვურჩევ, ჩამოვიდეს და აქ იცხოვროს, შეიგრძნოს აქაური კულტურა

ბედნიერი ვარ, რომ 29-ქულიანი სხვაობით მოვიგეთ, ასეთი ანგარიშები ერთკვირიანი მუშაობით არ მოდის, - ამის შესახებ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა საქართველო-რუმინეთის მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც "ბორჯღალოსანთა" გამარჯვებით დამთავრდა. 

"ბედნიერი ვარ, რომ 29-ქულიანი სხვაობით მოვიგეთ. ყველა ბედნიერია და ეს ერთწლიანი მუშაობის შედეგია. ასეთი ანგარიშები ერთკვირიანი მუშაობით არ მოდის, ამიტომ მიხარია, რომ დასახულ მიზანს მივაღწიეთ. რამდენიმე მორაგბეს თუ არ ჩავთვლით, ეს იყო ის უძლიერესი შემადგენლობა, რომელიც გვყავს, თუმცა ძლიერი შემადგენლობა არ არის ეს 23 მოთამაშე - გაფართოებული შემადგენლობის წევრები ნოემბრის ტესტებში მიიღებენ მონაწილეობას. აქედანვე მინდა იცოდეთ, რომ ძალიან რთული ნოემბერი გველის", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

ამასთან, მან საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს რჩევა მისცა. 

"საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, როგორც უცხოელს, ვურჩევ, აქ ჩამოვიდეს და იცხოვროს, შეიგრძნოს აქაურობა და აქაური კულტურა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევს", - განაცხადა ჰეიგმა.
თავის მხრივ, "ბორჯღალოსანთა" კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა პრეკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ნაკრები "ექვს ერში" სათამაშოდ მზადაა.

"დიდი და საამაყო გრძნობა მეუფლება ამ მატჩის შემდეგ. თითოეული ადამიანის მხარდაჭერას ვგრძნობდით. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მოვიდა სტადიონზე და გვერდში დაგვიდგა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "ექვს ერში" სათამაშოდ მზად ვართ. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ჩამოვიდეს აქ და დავანახებთ", - განაცხადა სუთიაშვილმა.

საქართველო-რუმინეთის მატჩი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს მორგაბეთა ნაკრებმა მეტოქეს 6 ლელო გაუტანეს და ანგარიშით 38:9 გაიმარჯვეს. გამარჯვებული "ბორჯღალოსნები" ევროპის ერთა თასსა და ანთიმოზ ივერიელის თასს დაეუფლნენ, რომელიც ტრადიციულად, საქართველო-რუმინეთის დაპირისპირებაში თამაშდება.