რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დონის როსტოვში ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა სია გამოაქვეყნა. უკვე ცნობილია, 62 ადამიანის ვინაობა, რომლებიც "ბოინგის" კატასტროფას ემსხვერპლა. ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილთა უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა.
თვითმფრინავმა კატასტროფა მოსკოვის დროით 03:40 საათზე განიცადა. Fly Dubai-ის თვითმფრინავი რუსეთის მიმართულებით რეისს დუბაიდან ასრულდებდა. როგორც "რია ნოვოსტი" ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, "ბოინგმა" კატასტროფა დაჯდომის მეორე მცდელობისას განიცადა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მიწასთან შეხებისას ლაინერი აფეთქდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი შესაძლოა ცუდი ამინდი გახდა. როსტოვის მხარის გუბერნატორის, ვასილი გოლუბევის განცხადებით, უამინდობის გარდა ამ ეტაპზე, თვითმფრინავის ჩამოვარდნის სხვა ვერსია არ განიხილება.
მომხდარი კატასტროფის მიზეზების შესწავლა კომპანია Fly Dubai-მაც უკვე დაიწყო.