კამპანია

კამპანია "ეს შენ გეხება" დღეს აქციას გამართავს

კამპანიაში "ეს შენ გეხება" ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოქალაქეებს დღეს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. აქცია 13:00 საათზე ფილარმონიიდან მსვლელობით დაიწყება. 

"ვიკრიბებით, რათა გავაპროტესტოთ ის, რაც ხდება დღეს ქვეყანაში ფარული ჩანაწერების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით. გვაქვს რამდენიმე მოთხოვნა. პირველი არის ეფექტური გამოძიების წარმოება და გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა. მეორე არის იმ კანონმდებლობის შეცვლა, რაც დღეს ხდება და სამართალდამცველებს აქვთ უფლება კონტროლის გარეშე უთვალთვალონ მოქალაქეებს. და მესამე – დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავი ორგანოების მიერ კანონდარღვევებს, რათა დაუსჯელობის სინდრომი აღარ არსებობდეს", - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა. 

აქციას და კამპანიას "ეს შენ გეხება" უერთდება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის პროფკავშირები, ქალთა მოძრაობა, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ცენტრი და სხვ. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ინფორმაციით, აქციები თბილისშის გარდა გაიმართება თელავში, ზუგდიდში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" იურიდიული კონსტულატის ნინო ლომჯარიას განცხადებით, აქციაში ცნობილი სახეები - მომღერლები, მსახიობები ჩაერთვებიან. 

ფონდ "ღია საზოგადოება – საქართველოს" წარმომადგენელმა ნიკა ჯეირანაშვილმა მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აქციას შესაძლოა შეუერთდნენ პოლიტიკოსებიც, თუმცა არასამთავრობოები მათ მოუწოდებენ არ გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური ჯგუფის ამსახველი რაიმე ნიშანი.