გორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხუთმა მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილია 41 წლის მამაკაცი, რომელიც V ბრიგადის კაპრალი იყო. მათივე ინფორმაციით, კაპრალი შვებულებაში იმყოფებოდა და თავის სოფელში, რუისში მიემგზავრებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.