ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ლაშა ხუციშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის შეფასებებზე კომენტარს აკეთებს.
"ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OSID) მიერ საქართველოს კანონმდებლობა შეფასებულ იქნა, თუ რამდენად შეესაბამისება ის საერთაშორისო სტანდარტებს, ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის კუთხით. ორგანიზაციის მიერ საქართველოში არსებული პრაქტიკა შეფასებულ იქნა, რომ ის სრულიად შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან. გარდა ამისა, შემდგომ ჩატარდა მეორე ფაზა - შეფასება იმისა, თუ რამდენად ზუსტად ხდება ამ კანონმდებლობის გამოყენება და საქართველომ ამ მიმართულებითაც უმაღლესი შეფასება მიიღო.
კერძოდ, ყველა ის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც ინფორმაციის გაცვლისა და საგადასახადო სფეროში გამჭვირვალობის კუთხით არსებობს, საქართველო სრულად აკმაყოფილებს. ეს მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, ქვეყნებს შორის ურთიერთობაში იმ მიმართულებით, რომ სახელმწიფო სანდოობის მხრივ, უფრო მაღალ სანდოობას იმსახურებს. გარდა ამისა, ამას მნიშვნელობას ანიჭებენ ინვესტორები, იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ერთის მხრივ საგადასახადო ინფორმაცია არის დაცული და მეორე მხრივ, შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან".
ცნობისათვის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო მიზნებისთვის გამჭირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მიერ დამტკიცებულ იქნა საქართველოს იურისდიქციის შეფასების მეორე ფაზის ანგარიში.
საქართველოს შეფასების პროცესი 2013 წლის 3 ივნისს დაიწყო და სამწლიანი პრაქტიკის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭირვალობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს.
დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე:
http://eoi-tax.org/library#reviews
ამასთან, საქართველოს მიერ პირველი ფაზის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციის შედეგად განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები კანონმდებლობის სრულყოფისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად იქნა მიჩნეული.